24/04/2026
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალურ პროგრამას იწყებს.
ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მერიის დაფინანსებით განხორციელდება.
კვლევა ხორციელდება დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის (LDCT) მეთოდით, რაც წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის „ოქროს სტანდარტს“ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.
პროგრამის მიზანია ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკის მინიმიზაცია.
სამიზნე ჯგუფი და კრიტერიუმები:
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ადგილობრივ და იძულებით გადაადგილებულ პირებს, 50-დან 70 წლის ჩათვლით, რომლებიც განეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს:
აქტიური მწეველები ან პირები, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს ბოლო 15 წლის განმავლობაში;
პირები დატვირთული გენეტიკური ანამნეზით (ფილტვის სიმსივნე ოჯახის წევრებში);
ფილტვის ქრონიკული დაავადებების (მაგ: ფქოდი) მქონე პაციენტები;
პირები, რომელთა პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია რესპირატორული სისტემისთვის მავნე გარემო-ფაქტორებთან.
პროგრამა 25 აპრილიდან ამოქმედდება.