04/05/2026
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა - საკითხი კვლავ კონტროლს საჭიროებს
სკოლის პრობლემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ადგილზე პარტია „ძლიერი საქართველო ლელოს“ წარმომადგენელი, თელავის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ბერძენაშვილი ჩავიდა.
მან შენობის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
საკითხზე ბერძენაშვილი მანამდეც მუშაობდა, რაზეც შესაბამისი უწყებებიდან საჯარო ინფორმაცია რამდენჯერმე გამოითხოვა.
თემაზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და საკითხი სოციალურ ქსელებში, მათ შორის ვიდეომასალების სახით გააშუქეს. პრობლემაზე აქტიურად საუბრობდნენ მშობლებიც.
რამდენიმე დღის წინ კი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საჯარო სკოლების პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა, მათ შორის არის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლა.
დეპუტატის შეფასებით, ტენდერის გამოცხადება პრობლემის ავტომატურ გადაწყვეტას არ ნიშნავს, მით უფრო მაშინ, როდესაც სკოლის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი ორჯერ უკვე ჩავარდა.
„ჩვენმა ბრძოლამ როგორც იქნა შედეგი გამოიღო. სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაზე სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შედგება ის და დროულად დაიწყება სამუშაოები. მუდმივ რეჟიმში საჭიროა თვალყურის დევნება და შესაბამისი ორგანოების გამოფხიზლება, რომ სამუშაო დროულად დასრულდეს,“- განაცხადა ბერძენაშვილმა.
ფშაველის საჯარო სკოლაში უკვე მეორე აკადემიური წელია სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. 260 მოსწავლე მეზობელ სოფელ სანიორეში, მეორე ცვლაში სწავლობს. მშობლების განცხადებით, გადაადგილება რთულია, ხოლო სწავლების ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.