25/05/2026
🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები თანმდევ პროექტებთან ერთად პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა.
📌საკითხები კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.
🔶„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია ტყის დეგრადაციის შეჩერება და ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა. პროექტი ითვალისწინებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, ხეტყის დამზადებისა და რეალიზაციის ახალი მოდელის დანერგვას, ასევე ტყის რესურსებით სარგებლობის რეგულაციების დახვეწას.
🔷„ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ცივ-გომბორის ეროვნული პარკი 21 761 ჰა-ზე საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში ასევე, სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰა-ზე და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი 17 562 ჰა-ზე.
🔷 „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი წლით გადავადებას 2026 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, 2027 წლის 1 სექტემბრამდე.
🔶„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით მცირდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაინტერესებული პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ვადები. ასევე წესრიგდება ხარვეზის დადგენისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინების შეჩერების პროცედურები.
🔷„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, იცვლება ცალკეულ სამართალდარღვევათა შემადგენლობები, ზუსტდება პასუხისმგებლობის დაკისრების ვადები და წესდება ახალი ადმინისტრაციული სანქციები გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის.
📌კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამეგრელოში, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, 37 074 ჰექტარზე ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას.
📌ასევე კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონპროექტებს. მესამე მოსმენის ფარგლებში კანონპროექტმა განიცადა მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები.