29/01/2019
ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ოკუპირებულ გალის რაიონში ცხოველის მიერ დაკბენილი 2.5 წლის ასაკის ბავშვის - ე.გ.-ს მიმართ ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების მიერ თითქოსდა უყურადღებობის საკითხს, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს:
26 იანვარს, სიუჟეტის გასვლისთანავე, სამინისტრომ მოიპოვა პირველად ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არც სოფელ ოტობაიის საექიმო ამბულატორიასა და არც მასში შემავალ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში არ იყო დაფიქსირებული არც პაციენტის ან მისი ახლობლების ფიზიკურად მიმართვა, არც სატელეფონო ზარი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც დადგინდა, ამ საკითხზე არ ყოფილა მიმართვა ან გამოძახება გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოშიც.
ბავშვის დედას მ.კ.-ს ტელეფონით ხანგრძლივად ესაუბრა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. აღსანიშნავია, რომ ამ საუბრისას მ.კ.-მ რამდენადმე დამაჯერებლად ვერ უპასუხა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვის თემასთან დაკავშირებულ შეკითხვებს და ცდილობდა თავი აერიდებინა პირდაპირი პასუხებისგან.
პაციენტი ე.გ. მხოლოდ 26 იანვარს იქნა მიყვანილი ცენტრალური რაისაავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.
28 იანვარს, მინისტრის მოადგილის სატელეფონო კონტაქტისას, მ.კ.-მ აღნიშნა, რომ მას პრობლემა სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებში არ ჰქონია და არ აქვს. რაისაავადმყოფოში ბავშვის გადაყვანა დაკბენის დღეს თვითონ გადადეს და მხოლოდ მეორე დღეს წაიყვანეს კერძო ავტომანქანით, რის გამოც არ მიუმართავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებისთვის.
დედამ აღნიშნა, რომ კმაყოფილია საავადმყოფოს პერსონალის გულისხმიერებით და დახმარებით და რომ არანაირი პრეტენზია არ აქვს არც სოფლის საექიმო ამბულატორიასთან, არც საავადმყოფოსთან.
სამინისტროს აქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტს მოცემულ ეტაპზე აქვს სათანადო ვაქცინების და შრატების საკმარისი რაოდენობა.
ამასთანავე, სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებებს აქვთ პირველადი აუცილებლობის მედიკამენტების საკმარისი მარაგი და ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
სამინისტროს აქვს ინფორმაციები რაიონის მძიმე ავადმყოფების შესახებ და, ცენტრალურ სამინისტროსთან ერთად, სადღეღამისო რეჟიმში ჩართულია მათი სამედიცინო ტრანსპორტირებისა და შემდგომი მკურნალობის პროცესებში.