29/05/2026
2026 წლის 29-31 მაისს, თბილისი ერთ-ერთ მასშტაბურ ლიტერატურულ ღონისძიებას თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ოცზე მეტი გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი. ფესტივალი სხვადასხვა სივრცეში გააერთიანებს თანამედროვე ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, საგანმანათლებლო ინიციატივებს, შემოქმედებით, გასართობ პროგრამებს.
სამი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს, ავტორებთან შეხვედრებს, პანელურ დისკუსიებს, ლიტერატურულ წარმოდგენებს, საგანმანათლებლო ვორქშოფებსა და საბავშვო აქტივობებს.
წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ლიტერატურას, ქართული ენის ციფრულ მომავალს, განათლების თანამედროვე მიდგომებსა და ახალგაზრდა თაობის მკითხველად ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები თემებზე: „როგორ ვზრდით მკითხველ თაობას ციფრულ ეპოქაში“, „ქართული ენის ციფრული მომავალი“, „ფრანკოფონიის ხმა ფესტივალზე“ და სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები ქართველი და უცხოელი მონაწილეების ჩართულობით.
ფესტივალის განსაკუთრებული მიმართულებაა „ფრანკოფონიის ხმა“, რომელიც ფრანგულენოვანი ლიტერატურის მოყვარულებისთვის საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას წარმოადგენს. ფესტივალს ეწვევიან ბელგიელი ავტორები, რომლებიც მკითხველს თანამედროვე ფრანკოფონიულ ლიტერატურას გააცნობენ. გაიმართება შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე და ფრანგულენოვანი მასტერკლასები.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ისე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი გამოცემები. სტუმრები გაეცნობიან ნიკოლო მაკიაველის, ჯორჯ ორუელის, ემილი დიკენსონის, კრისტიან კრახტისა და სხვა ავტორთა ახალ ქართულ თარგმანებს, ასევე თანამედროვე ქართველი ავტორების უახლეს წიგნებს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროგრამებია.
საბავშვო სივრცეში ყოველდღიურად გაიმართება ზღაპრების საათი, ლიტერატურული ქვიზები, ორიგამის, ხატვის, სამეცნიერო-შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები. პატარებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში დახვდებათ გასართობი ზონა, სხვადასხვა მომცრო ატრაქციონი, სათამაშო და გასართობი აქტივობები, რაც ფესტივალს ოჯახებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილად აქცევს.
ვორქშოფის სივრცე ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილია, სადაც ჩატარდება წიგნის რესტავრაციის, ქართული კალიგრაფიის, ილუსტრაციის, 3D ტექნოლოგიების, დეკუპაჟის, პერსონაჟის შექმნისა და სხვა მრავალფეროვანი მასტერკლასები.
თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალი კიდევ ერთხელ იქცევა სივრცედ, სადაც ლიტერატურა, განათლება, კულტურა და თანამედროვე იდეები ერთიანდება, ხოლო წიგნი სხვადასხვა თაობის ადამიანებს საერთო გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო აერთიანებს.
დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და
გამავრცელებელთა ასოციაცია.
https://www.facebook.com/tbilisibookfestival