04/06/2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნას დაესწრო
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თბილისს, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას.
ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. მათ შორის, ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები.
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.