18/12/2025
102 -ე სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები
ნინი გრძელიძე 102-ე სკოლის დასრულების შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა. მისი წარმატებით დაამთავრების მერე კი მილანის პოლიტექნიკური უნივერისტეტის (Politecnico di Milano, იტალია) არქიტექტურის და ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გახდა.
მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოში ცნობილია ინოვაციური მიდგომებით, მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და არქიტექტურის სფეროში წამყვანი სპეციალისტების აღზრდით, სადაც საქართველოს არაერთმა წარგზავნილმა მიიღო განათლება.
"ნინი გრძელიძე გამორჩეულად წარმატებული მოსწავლე იყო სკოლაშიც, განსაკუთრებით კი ტექნიკური საგნები იზიდავდა " აცხადებენ ნინის მასწავლებლები 102 -ე სკოლიდან
„ნინი გრძელიძე გამორჩეული სტუდენტი იყო როგორც აკადემიური მიღწევებით, ასევე სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებით პროექტებში აქტიური მონაწილეობით. მისი წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის ხარისხსა და იმ პროფესიულ საფუძველს, რომელსაც ქართული არქიტექტურის პროგრამა უზრუნველყოფს,“ - აცხადებს პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი.
„საქართველოში სწავლის პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელიც გამოირჩეოდა მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის სინთეზით, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მაძლევდა საკუთარი ხედვა და პროფესიული ინტერესები ჩამომეყალიბებინა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მომზადების პროცესში, განსაკუთრებით არქიტექტურული პროექტირების, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის მიმართულებებში მიღებული ცოდნა აღმოჩნდა გადამწყვეტი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისა და იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ყველა ეტაპზე სწავლის წლებში მომცეს. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იმ პროფესიული საფუძვლისთვის, რომელიც დღეს საშუალებას მაძლევს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულად გავაგრძელო განვითარება“, - აცხადებს ნინი გრძელიძე.