03/05/2025
დიდ აღტკინებას, ეიფორიას და ბედნიერებას ნუ მივეცემით მომხდარის გამო...
მართლმორწმუნე ქრისტიანის სტიქია, განწყობა და პოზიცია ძირეულად განსხვავდება როგორც კათოლიციზმისაგან, ასევე სხვა მრავალი სარწმუნოება-კონფესიის სწავლებისაგან...
ჩვენ არა თუ უნდა გვიხაროდეს, არამედ უნდა ვწუხდეთ, როცა უფლის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს ადამიანები ვერ წარმართავენ ღმრთისა და მოყვასისათვის სათნოდ და სიცოცხლეშივე იმკვიდრებენ ადგილს ღვთის სასუფევლის მიღმა...
მას (რომის პაპს) თავისი უბედურებაც საკმარისად აქვს და ნურაფერს ვიზეიმებთ, რამეთუ ,,იგი წავა და სხვა მოვა..." ნურც მათ შევურაცყოფთ, რომელნიც ღმერთად აღიქვამენ პაპს, რადგან მათაც ჭარბად სჭირთ სარწმუნოებრივი სნეულება და უბედურება...
ჩვენი უპირველესი და უკანასკნელი რეაქცია, ხომ ვიცით, რომ არის ლოცვა... ლოცვა არა სულიერად ბოლომდე წარწყმედილთა სასუფევლისათვის და ჭეშმარიტი ქრისტიანობის მტერთათვის, არამედ ლოცვა უპირველესად მართლმორწმუნე ხალხისათვის, რათა უფალმა მოგვმადლოს გასჯა თვისთა ცოდვათა, განსჯა ცხოვრების საზრისისა, ,,გველივით სიბრძნე და მტრედივით უმანკოება" და სურვილი ფუტკარივით მხოლოდ სურნელოვან ყვავილთა ცნობა-ცოდნისა...
უფალი, რომელიც არაერთ დიდ სასწაულს აღასრულებდა თანამედროვეთა თვალწინ, მაინც არ იცნეს, მაინც შეურაცყვეს, გასცეს, გაწირეს და ჯვარს აცვეს...
ის კი პასუხად ლოცავდა მათ და მამა ღმერთს ავედრებდა!
აი, ჭეშმარიტად ქრისტიანული სული, რომელსაც არასდროს უხარია ადამიანის სამარადისო დაღუპვა, ეს რომის პაპა იქნება, თუ პაპის რომა!
ხმალშემართულთა და ქვეყნის დაუძინებელ მტერთა მიმართ კი ვიცით (ვიცოდით) ადექვატური პასუხი და საქციელი, რაც ჩვენი ისტორიული ჰეროიკა და თავდადებაა და რაც ასევე უფლის დიდი შეწევნით აღესრულებოდა...
ქრისტე აღსდგა ჩემო ქვეყანავ და ჩვენც საყოველთაო აღდგომამდე, იქნებ ვინებოთ და ჯერ ფეხზე წამოვდგეთ მიწაზე დანარცხებულნი...
დიდება და მადლობა ჩვენთვის ჯცარცმულ და აღდგომილ უფალს...
ალილუია
ბექა თავბერი-კაპანაძე