ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი/ National Centre of Manuscripts

თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც 2026 წლის 29–31 მაისს გაიმართა მონაწილეობა მიიღო კორნელი კეკელიძის...
03/06/2026

თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც 2026 წლის 29–31 მაისს გაიმართა მონაწილეობა მიიღო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა. ფესტივალის ფარგლებში ცენტრმა ფართო საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებს წარუდგინა საკუთარი სამეცნიერო-საგამომცემლო საქმიანობის მნიშვნელოვანი შედეგები და უახლესი გამოცემები.

29 მაისს გაიმართა ოთხი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია.

ფესტივალის აუდიტორიას წარედგინა დავით გვრიტიშვილის მონოგრაფია – „ივანე ჯავახიშვილი ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე“, რომელიც ეძღვნება ქართველი მეცნიერისა და ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის, ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვაწეობას. ნაშრომში განხილულია მისი ბიოგრაფიის ძირითადი ეტაპები, აკადემიური საქმიანობა და განსაკუთრებული წვლილი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში. გამოცემა წარადგინა ზაზა აბაშიძემ.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის პირველი ტომი, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამოიცა. აღნიშნულმა გამოცემამ საფუძველი ჩაუყარა ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა 20-ტომიან აკადემიურ სერიას და გააერთიანა ძველი ქართული და ძველი სომხური საისტორიო მწერლობის ტექსტები, სარედაქციო წერილები და კომენტარები. გამოცემა წარადგინა გონელი არახამიამ.

ასევე, ნაშრომი „ქართულ-ბერძნული ხელნაწერი (Q.1.58) სანკტ-პეტერბურგის კოლექციიდან – ტრადიცია და ინოვაცია“, რომელიც ინტერდისციპლინური კვლევის შედეგს წარმოადგენს. გამოცემა აერთიანებს ტექსტოლოგიურ-კოდიკოლოგიურ, ენობრივ და ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს და მნიშვნელოვანი წყაროა XV საუკუნის ქართული ხელნაწერი კულტურისა და მისი სოციალურ-კულტურული კონტექსტის შესასწავლად. გამოცემა წარადგინა ეკა დუღაშვილმა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ფართო საზოგადოებისთვის ცენტრის სამეცნიერო და საგამომცემლო საქმიანობის გაცნობის, ასევე ქართული ხელნაწერი და ისტორიული მემკვიდრეობის კვლევის მიმართულებით განხორციელებული უახლესი პროექტების წარმოსაჩენად.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ცენტრის მიერ 2026 წელს გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაციებ...
28/05/2026

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ცენტრის მიერ 2026 წელს გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაციების პრეზენტაცია.

ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მისასალმებელ სიტყვაში მან მიმოიხილა ცენტრის 2026 წლის საგამომცემლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის მნიშვნელობაზე ქართული კულტურული და წერილობითი მემკვიდრეობის დაცვის, შესწავლისა და პოპულარიზაციის პროცესში.

პრეზენტაციის ფარგლებში ავტორებმა და რედაქტორებმა საზოგადოებას წარუდგინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა და ცენტრთან თანამშრომლობით მომზადებული ახალი გამოცემები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სამეცნიერო დარგში მიმდინარე აქტუალურ კვლევებს.

წიგნების წარდგენა დაიწყო პერიოდული გამოცემით - „მრავალთავი 30“, რომელიც საზოგადოებას ნინო მელიქიშვილმა გააცნო.

ზაზა აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გამოცემები „ივანე ჯავახიშვილი - მამულიშვილობა და მეცნიერება“ და დავით გვრიტიშვილის „ივანე ჯავახიშვილი - ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე“.

გონელი არახამიამ ისაუბრა „სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია XV“-ში გამოცემულ გიორგი მჭედლიშვილის ნაშრომზე „ისტორიული ეტიუდები“, ხოლო თამარ ჭუმბურიძემ წარადგინა გამოცემა „ქართველოლოგია ევროპაში — მიხეილ თარხნიშვილი და იულიუს ასფალგი: წერილები“.

დავით სართანიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო „ივანე ჯავახიშვილის თხზულებანის“ პირველი ტომი. დარეჯან კლდიაშვილმა წარადგინა „სამხრეთ საქართველოს ხელნაწერთა მინაწერი საბუთების კორპუსი XI–XVI სს, II, ვაჰანის ქვაბთა განგების ისტორიული დოკუმენტები XIII–XVI სს“.

ლია სამყურაშვილმა და დალი ჩიტუნაშვილმა საზოგადოებას წარუდგინეს გამოცემა „სამეცნიერო მემკვიდრეობა V - რუსუდან გვარამია“. დალი ჩიტუნაშვილმა ასევე ისაუბრა „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა - ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ III და IV ტომებზე.

ღონისძიება დასრულდა შემაჯამებელი სიტყვით, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ აღინიშნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მნიშვნელოვანი როლი ქართული სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის ...
26/05/2026

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ძველი ქართული ლიტერატურისა და ხელნაწერების გამორჩეული მკვლევარი, ქეთევან ბეზარაშვილი.

ქეთევანი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იმ თაობას მიეკუთვნება, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში შეუერთდა ილია აბულაძისა და ელენე მეტრეველის მიერ დაფუძნებულ ხელნაწერთა ინსტიტუტის ფილოლოგიურ სკოლას, ღირსეულად გააგრძელა მისი ტრადიციები და ახალი ელფერი შეჰმატა მას, რაც გულისხმობს ძველი ქართული მწერლობის კარდინალური საკითხების კვლევას ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიური მწერლობის პერსპექტივიდან, იმ საკითხების დასმასა და განხილვას, რომლებიც ძველ ქართულ მწერლობას, კულტურას წარმოაჩენს ზოგადად ქრისტიანული სამყაროს ინტელექტუალური მონაპოვრის ორგანულ ნაწილად.

ქეთევანი იყო წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანების კვლევის საერთაშორისო პროექტის წევრი; მისი თანაავტორობით ბელგიაში გამოიცა გრიგოლის შრომათა ქართული თარგმანების შემცველი რვა ტომი სერიით Corpus Christianorum, Series Graeca, Corpus Nazianzenum, Versio lberica. ის არის 20-მდე წიგნისა და 100-მდე სტატიის ავტორი, რომლებიც გამოცემულია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში; ხოლო მისი ნაშრომი „რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით“ (2004) ნამდვილ სამაგიდო წიგნად არის ქცეული დარგის სპეციალისტებისა და ძველი ქართული ფილოლოგიით დაინტერესებული ახალი თაობებისათვის.

ქეთევანი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, უშურველად უზიარებდა თავის ცოდნას ახალგაზრდებს; იყო საქართველოს ბიზანტინისტთა და პატრისტიკულ ასოციაციათა წევრი. ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (2005) და კორნელი კეკელიძის სახელობის პრემიით (2009).

ქეთევანის ამქვეყნიდან წასვლა უდიდესი დანაკლისია როგორც ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის, ისე მისი კოლეგებისა და მეგობრებისათვის.

📚 თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალი📅 29–31 მაისი📍 თბილისი, წერეთლის გამზირი 114კორნელი კეკელიძის სახელობის საქ...
22/05/2026

📚 თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალი
📅 29–31 მაისი
📍 თბილისი, წერეთლის გამზირი 114

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალში და დამთვალიერებლებს საკუთარ გამოცემებს წარუდგენს.

ფესტივალზე წარმოდგენილი და გასაყიდი გამოცემების გაცნობა წინასწარ შეგიძლიათ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ონლაინ მაღაზიაში - 📚 https://store.manuscript.ge/
ან იხილეთ კატალოგი - https://online.fliphtml5.com/qmjpb/ezyu/?fbclid=IwY2xjawSBIOlleHRuA2FlbQIxMABicmlkETFKclJ4ZkZldHdRVjBvU1JEc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHjKArGE98_-L0otMSuq9lZQ5yKB8uuEPYq3grUmhtCQLfDFF2LaE8Wmrerp7_aem_Z07BFiSj6T3nIKWiOy_UVg =1

გელოდებით ჩვენს სტენდთან! ✨📖

14 მაისს მეფე თამარის ხსენების დღე, ხოლო 15 მაისს შოთა რუსთაველის დღე აღინიშნება. ამ თარიღებთან დაკავშირებით, ხელნაწერთა...
15/05/2026

14 მაისს მეფე თამარის ხსენების დღე, ხოლო 15 მაისს შოთა რუსთაველის დღე აღინიშნება. ამ თარიღებთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი გთავაზობთ საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამას – „თამარი და „ვეფხისტყაოსანი“ – ხელნაწერთა კვალდაკვალ“, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლების წარმოჩენას.

პროგრამის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ხელნაწერები, მათ შორის: მეფე თამარის ავტოგრაფი, „ქართლის ცხოვრების“ მაჩაბლისეული ხელნაწერი, ვახტანგ VI-ის მინაწერი თამარის ცხოვრების შესახებ, უორდროპების კოლექციის ფრაგმენტი „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურით, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილი ილუსტრაციები, ვახტანგ VI-ის სტამბაში 1712 წელს დაბეჭდილი პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა უნიკალური მასალა.

საგანმანათლებლო პროგრამა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის და მოიცავს მრავალფეროვან შემეცნებით, ინტერაქციულ აქტივობას. ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ „ვეფხისტყაოსნის“ წერეთლისეული ხელნაწერის მიხედვით მომზადებული ფაზლის აწყობაში, ჩაერთონ ჯგუფურ შეჯიბრში, დაესწრონ თამარის ეპოქის ხელნაწერებზე დაფუძნებული ანიმაციური ვიდეოს ჩვენებას, გაეცნონ „ვეფხისტყაოსნის“ წერეთლისეული ხელნაწერის ისტორიის ამსახველ გრაფიკულ ვიდეომასალას, ასევე გადაიღონ სამახსოვრო ფოტო მიხაი ზიჩის ილუსტრაციის მიხედვით შექმნილ დეკორაციასთან პროექტის ფარგლებში – „გახდი თამარის თანამედროვე“.

გამოფენა 14 მაისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ გურამ დოჩანაშვილის სახელობის საერთაშორისო ქართული სკოლის IX კლასის მოსწავლეები, რომელთა მონაწილეობამ განსაკუთრებულად გამოკვეთა პროგრამის საგანმანათლებლო დანიშნულება და ახალგაზრდა თაობის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავების მნიშვნელობა.

გამოფენა დამთვალიერებლებისთვის 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

თელავში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელ...
13/05/2026

თელავში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით, მეფე ერეკლე II-ის სასახლის საელჩო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“.

კონფერენციაზე საზოგადოებას წარუდგინეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ერთობლივი კვლევა „ერეკლე II-ის დაბადების თარიღი“.
კვლევის მიხედვით, დადგენილია მეფის დაბადების ზუსტი თარიღი: 1720 წლის 7 ოქტომბერი.

სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები აპოლონ თაბუაშვილი და ვლადიმერ კეკელია.

კონფერენციის დასასრულს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე). ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიე...
27/04/2026

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე). ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა ცენტრში მიმდინარე გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის არქივი და მემორიალური ნივთები.

მეუფე დავითი განსაკუთრებული ინტერესით გაეცნო ექსპოზიციას, რომელიც ნათლად ასახავს ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მრავალმხრივ ცხოვრებასა და ღვაწლს. გამოფენა მოიცავს როგორც პირად ჩანაწერებსა და წერილებს, ისე უნიკალურ დოკუმენტებსა და საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

ვიზიტისას აღინიშნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განსაკუთრებული როლი ქართული სულიერი და სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში.

23/04/2026

დღეს დიდი ქართველი მამულიშვილის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა.

23 აპრილს, დიდი ქართველი მეცნიერის – ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერ...
23/04/2026

23 აპრილს, დიდი ქართველი მეცნიერის – ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების საცავს მიენიჭა მისი სახელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს მისი დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სივრცე, სადაც თავმოყრილია საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები: წერილები, ჩანაწერები, დოკუმენტები და სხვა უნიკალური მასალები ამიერიდან მისი სახელობის იქნება.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ივანე ჯავახიშვილის განუზომელ წვლილს ქართული მეცნიერების, ისტორიოგრაფიისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ...
16/04/2026

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და შედგა წიგნების პრეზენტაცია, რომელიც გახსნა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გონელი არახამია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათია ჩანტლაძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ზურაბ აბაშიძე ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დავით გვრიტიშვილის მონოგრაფია „ივანე ჯავახიშვილი ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე“ და ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის პირველი ტომი, რომელიც 2026 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამოიცა და საფუძველი ჩაუყარა 20-ტომიან ფუნდამენტურ კრებულს. აღნიშნული ტომი აერთიანებს ძველ ქართულ და ძველ სომხურ საისტორიო მწერლობასა და სარედაქციო წერილებსა და კომენტარებს, ხოლო მონოგრაფია მიმოიხილავს მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად ეტაპებს, მის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას, აგრეთვე მის არსებით წვლილს ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავდა მისი მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობის მასშტაბებს, მათ შორის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, სამართლის, ეკონომიკის, ლიტერატურათმცოდნეობისა და სხვა დარგებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის პირად ჩანაწერებს, ნაშრომების შავ ვერსიებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებულ მასალებს. ასევე პირველად გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები.

გამოფენა გაიხსნა 16 აპრილს და გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით.

Address

Zaza Aleksidze Street 2
Tbilisi
0193

Opening Hours

Monday 11:00 - 17:30
Tuesday 11:00 - 17:30
Wednesday 11:00 - 17:30
Thursday 11:00 - 17:30
Friday 11:00 - 17:30

Telephone

0322474242

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share