03/09/2026
ლევან ნიკოლეიშვილი: „თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სამხედრო ტერმინების მეტაფორული გამოყენებით დავაკვირდებით, „მასირებული შეტევა სხვადასხვა ფრონტიდან“ შეიძლება ნიშნავდეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განვითარებულ, ერთმანეთის გამაძლიერებელ პოლიტიკურ ზეწოლას. შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ერთ კონკრეტულ საკითხში აღარ არის კონცენტრირებული და სხვადასხვა მიმართულებით ერთდროულად ვითარდება.
ასეთ შემთხვევაში „ფრონტები“ შეიძლება იყოს:
პირველი მიმართულება აფხაზეთის თემის გააქტიურებაა. ერთ მხარეს გვარამიას განცხადებებია, რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე უარი უნდა ვთქვათ, მეორე მხარეს კი სააკაშვილის პოზიცია, რომ აფხაზეთი ომით უნდა დავიბრუნოთ. ამგვარი ურთიერთსაპირისპირო გზავნილები თავად თემას აბრუნებს პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში და საზოგადოებაში დამატებით დაძაბულობას ქმნის.
მეორე მიმართულებად შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა ფეიკ განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში. მსგავსი განცხადებები, მათი კონტექსტისა და ინტერპრეტაციის მიუხედავად, საქართველოში განსაკუთრებით მგრძნობიარე თემებს ეხება და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში დამატებით კითხვებს აჩენს.
მესამე მიმართულებაა ევროკავშირი. თუ შემოდგომაზე ევროკავშირის მხრიდან კვლავ იქნება მკაცრი პოლიტიკური გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის ევროპული კურსის საკითხზე, ეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ გზავნილი იქნება დაახლოებით ასეთი შინაარსის: „ევროპული ინტეგრაციის კარი ღიაა, მაგრამ პრობლემა ხელისუფლების მოქმედებებშია“.
და ბოლოს, რჩება აშშ-ს ან რუსეთის ფაქტორი, რომელიც ამ სურათში ყველაზე მძიმე და სახიფათო კომპონენტია. თუ მოსკოვიდან ან ვაშინგტონიდან გაჩნდება ისეთი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც კიდევ ერთი დაძაბულობის მუხტს კიდევ უფრო აწევს, შესაძლოა ეს უკვე სრულიად სხვა მასშტაბის გამოწვევად იქცეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დადგეს პერიოდი, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო გამწვავდება და ქვეყანა ფაქტობრივად „ხმლის წვერზე გავლის“ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
იმედია, მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდება.
ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სინქრონიზაციის ეფექტია. ცალკე აღებული თითოეული მოვლენა შეიძლება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არც იყოს. მაგრამ თუ რამდენიმე მიმართულებით განვითარებული პოლიტიკური, საინფორმაციო, დიპლომატიური და საზოგადოებრივი პროცესები ერთმანეთს დროში ემთხვევა და ერთმანეთის ეფექტს აძლიერებს, იქმნება განცდა, რომ საქმე გვაქვს არა ცალკეულ ეპიზოდებთან, არამედ ერთიანი პოლიტიკური წნეხის რამდენიმე „ფრონტზე“ განვითარებასთან.
მასირებული შეტევა ყოველთვის არ გულისხმობს ძალების ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე თავმოყრას. მისი ეფექტი შესაძლოა სწორედ მრავალმიმართულებიან მოქმედებაში გამოიხატოს, როდესაც მოწინააღმდეგეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე უწევს ძალებისა და რესურსების გადანაწილება.
ამასთან, მხოლოდ ამ აშკარა მიმართულებებზე არ უნდა ვიფიქროთ, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ყურადღების გადატანისა და შეცდომაში შეყვანის მანევრიც, რომლის მიზანიც რეალური განზრახვის დაფარვაა. ამიტომ ნებისმიერი აქტივობა საჭიროებს ფრთხილ შეფასებას და კონტექსტში განხილვას.
ასე თუ ისე, მოცემულ ვითარებაში მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე და ინფორმაციის გადამოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“