05/05/2026
საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიის მენეჯერებისა და ინსტრუქტორებისთვის, დისტანციურ ფორმატში სემინარები ჩაატარეს. აღნიშნული სწავლების ფარგლებში სამართალდამცავი საქმიანობის ძირითადი პრინციპები განიხილეს.
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას შეუწყო ხელი. განხილული საკითხების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეებმა ერთმანეთს არსებული გამოწვევები, საუკეთესო პრაქტიკა და პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ დისტანციური სემინარები განხორციელდა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საპოლიციო საგანმანათლებლო უწყებებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც საფუძვლად უდევს მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.