21/08/2026
ჰერალდიკური ლურჯი (ლაჟვარდი) ფერის შესახებ
ჰერალდიკაში ლურჯი ფერი ოფიციალურად მოიხსენიება ტერმინით "ლაჟვარდი" (Azure / Azur), რაც აღმოსავლური წარმომავლობის ძვირფასი ქვას — ლაპის-ლაზურის (Lapis Lazuli) უკავშირდება. იგი მიეკუთვნება ჰერალდიკურ ფერთა (Tinctures) ჯგუფს და შავ-თეთრ გრაფიკაში გამოსახვისას აღინიშნება ჰორიზონტალური პარალელური ხაზებით.
ლაჟვარდის ფერის ძირითადი სიმბოლური და სოციალური მნიშვნელობებია:
ერთგულება და სიმტკიცე, სამართლიანობა, მშვიდობა, პატიოსნება და უბიწოობა. როგორც ცის ფერი, იგი უკავშირდება ღვთაებრივ წესრიგს, სიბრძნეს, სიმშვიდესა და სულის სიწმინდეს.
ლურჯმა ფერმა დროთა განმავლობაში შეიძინა პოლიტიკური, სოციალური და აქედან გამომდინარე, ჰერალდიკური სტატუსი: XII საუკუნიდან (კაპეტინგების დინასტიიდან მოყოლებული) ლურჯი საფრანგეთის სამეფო დინასტიისა და მოგვიანებით ევროპული მონარქების უმაღლეს სიმბოლოდ იქცა.
გეოგრაფიულ და ტერიტორიულ ჰერალდიკაში ლაჟვარდი პირდაპირ მიუთითებს ცაზე, ჰაერის სტიქიაზე, ზღვაზე, მდინარეებსა თუ საზღვაო ძლიერებაზე.
ფრანგი ისტორიკოსის და ჰერალდიკის სპეციალისტის მიშელ პასტუროს აზრით, თუ ანტიკურობიდან დაწყებული ლურჯი იყო „მდუმარე“ ფერი — ანუ, სისტემურ ღირებულებებს გარეთ დარჩენილი და უმეტესად ბარბაროსებთან, კელტებსა და გერმანელებთან ასოცირდებოდა ( ამ პერიოდში საბაზისო სისტემა ტრიპოლარულია: თეთრი უპირისპირდება შავსა და წითელს), XI საუკუნიდან ლურჯის სტატუსი იცვლება: იკონოგრაფიაში იგი მკვიდრდება, როგორც ღვთისმშობლის სამოსის ფერი. თავდაპირველად რელიგიური და მარიოლოგიური მნიშვნელობის მქონე ლურჯი მკვეთრად იჭრება გოთიკურ ვიტრაჟებში, რის შემდეგაც გადადის პოლიტიკაში: კაპეტინგების საგვარეულო გერბი (ოქროს შროშანები ლაჟვარდოვან ველზე) დაახლოებით 1130 წლისთვის საფრანგეთის მეფის ემბლემა ხდება... წითელი ინარჩუნებს იმპერატორისა და პაპის ფერის სტატუსს, თუმცა ლურჯი ხდება "კეთილშობილი", სამეფო ფერი — ლეგენდარული მეფე არტურის ფერი.
მკვლევრის აზრით, პოლიტიკურ ფერად ლურჯი პირველად საფრანგეთში მკვიდრდება: 1789–1794 წლებში იგი გერბებიდან გადადის კოკარდაზე, ხოლო კოკარდიდან — დროშასა და უნიფორმებზე. შემდგომში პოლიტიკური ლურჯი გლობალიზდება, როგორც მშვიდობისა და თანხმობის საერთაშორისო სიმბოლო (გაერო, ევროკავშირი).
*მიშელ პასტუროს სტატიიდან "როგორ გახდა ლურჯი სამეფო და ჰერალდიკური ფერი"
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის რეკომენდაციით, მედია-ტექნოლოგიების სპეციფიკიდან გამომდინარე, სახელმწიფო ფერებს წითელთან და თეთრთთან ერთად, დაემატა ევროპული დროშის ლურჯი, ზუსტად განსაზღვრული კოდით (RGB 0 51 153; CMYK 100 80 0 0; HEX #003399).
ამის შესახებ შეგიძლიათ უფრო დეტალურად წაიკითხოთ ჩვენს ადრინდელ პუბლიკაციაში.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid038ERWN1kuqtYeUsqe9FqwcL299RkB6jEPYrW99ejFPfonSxFLu1eB9p9hXxhhLv8ml&id=61558079739644