23/04/2015
სოფელი ანაგა: სოფელი ქიზიყის კარიბჭედ მოიაზრება. იგი, ასე ვთქვათ, უბატონო მხარის დასაწყისია. ანაგაში ოდესღაც ჩვიდმეტი ტაძარი ყოფილა, დღესდღეობით კი თოთხმეტიღაა შემორჩენილი, რაც აქაური მოსახლეობის დიდ რელიგიურ რწმენაზე და კულტურაზე მიუთითებს. ანაგის წარმოშობის შესახებ, რამოდენიმე ლეგენდა არსებობს:
I. სოფელში ერთი მდიდარი კაცი ცხოვრობდა, მას ჰყოლია ქალიშვილი ანა, რომელიც შეყვარებია ერთ ხელმოკლე ვაჟს. მამა წინააღმდეგი ყოფილა მათი ქორწინების, ამიტომ მოუფიქრებიათ გაქცევა. მამა ჩასაფრებულა და როცა ვაჟი მოსულა, მხოლიდ იმის თქმა მოუსწრია- ,,ანა, გა…” რაც ნიშნავს, ,,ანა, გავიქეცითო”.ვაჟისთვის უსვრიათ და მოუკლავთ. ამბობენ, სოფლის სახელი აქედან მოდისო.
II. ,,ჰანაგე” ავადმყოფთა, გაჭირვებულთა თავშესაფარს ნიშნავდა, უწინ თურმე ბევრი ,,ჰანაგე” შენდებოდა, ეს სოფელიც სწორედ მაშინ დაარსებულა. სოფელში საცხოვრებლად ჩამოდიოდნენ არა მარტო ავადმყოფები, არამედ სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი მამულიდან წამოსული ადამიანები... დიდი რწმენით მოსულნი სალოცავებს აშენებდნენ.
III. არსებობს ისტორიული დოკუმენტიც. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში ,,აღწერა სამეფოისი საქართველოსი” ახსენებს კახეთ-ჰერეთის მებრძოლ გმირს ,,ანაგეს” ფიქრობენ, რომ ეს სახელი დაედო საფუძვლად სოფლის სახელწოდებას.
IV. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ანაგელები გადმოსახლებულან ძვ. ანაგის ტერიტორიიდან დღევანდელი ანაგის ტერიტორიაზე. ანაგელების ძველი ანაგიდან წარმომავლობას, მოწმობს კიდევ ერთი ფაქტი: გვარი ჩალაბაშვილი და ბიჭიაანთ ციხე, რომლებიც ორივე სოფელშია. გარდა ამისა, ანაგელებს გვიანობამდე სამუშაო მიწები ჰქონიათ ძველ ანაგაში.