30/06/2026
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო სოფელ კრწანისში სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტთან დაკავშირებით მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, სასმელ წყალში ნავთობის მინარევების აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, პროცესში ჩართულ ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს სასმელი წყლის ქსელში ნავთობის მინარევების მოხვედრის გამომწვევი მიზეზებისა და ყველა შესაბამისი გარემოების დასადგენად.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ბლოკ ენერჯიმ,“ რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ფლობს ნავთობის მოპოვების ლიცენზიას, შემთხვევის გამოვლენისთანავე დაიწყო ტექნიკური სამუშაოები. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაუყოვნებლივ შეწყდა წყლის მიწოდება და კომპანიამ სოფელ კრწანისის მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით უზრუნველყო.
ბოლო შედეგებით, მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობესებულია, ინტენსიურად გრძელდება წყალმომარაგების ქსელის კაპიტალური გამორეცხვის სამუშაოები სპეციალური ხსნარებითა და მაღალი წნევით, სანამ ლაბორატორიულად არ დადასტურდება წყლის უსაფრთხოება.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს პროცესის მუდმივ მონიტორინგს და ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან ერთად მუშაობს პრობლემის უმოკლეს ვადაში აღმოსაფხვრელად. სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, ნავთობმომპოვებელი კომპანია „ბლოკ ენერჯის“ და კომპანია „ჯივიპის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.