04/06/2026
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა.
აპრილი-მაისის პერიოდში პროექტის ფარგლებში 44 ტრენინგი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 900-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებსა და თემებს, სადაც კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი საფრთხეების გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია.
პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით უკვე შვიდი წელია ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების მიმართ საზოგადოების მდგრადობის გაძლიერებას, კატასტროფების რისკების შემცირებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.