30/05/2026
📌 უშგულის სკოლაში კულტურულ-შემეცნებითი პროექტი “სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა” მოეწყო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეების კულტურულ-შემეცნებითი პროექტის - “სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია მოეწყო.
პროექტში მონაწილეობდნენ უშგულის საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის კონსულტანტ-მასწავლებლები, ადგილობრივი მასწავლებლები, მოსწავლეები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სვანური ტრადიციული კულინარიის, ეთნოგრაფიის, მხარეთმცოდნეობის, ისტორიის, სახვითი ხელოვნების, სვანური სამოსისა და ტრადიციული რეწვის შესახებ.
პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს, მათ სპეციფიკას, გამოყენებული ორნამენტების, ფერებისა და სიმბოლოების მნიშვნელობას, ასევე საკუთარი ხელით შეექმნათ ტრადიციული საკვები და რეწვის ნიმუშები.
პროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით არსებული დეფიციტის შევსება, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამა საქართველოს 10 რეგიონის 24 მუნიციპალიტეტის 81 საჯარო სკოლას მოიცავს და 7 500-ზე მეტი მოსწავლისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.