19/09/2026
📌ეროვნულ არქივში გამოფენა „ქალთა საბჭო“ გაიმართა
📌იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია ქალთა ორგანიზაციის მრავალწლიან ისტორიასა და ქართველ ქალთა საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიეძღვნა.
📌გამოფენაზე დამთვალიერებლისთვის წარმოდგენილი იყო მდიდარი საარქივო მასალა – ისტორიული დოკუმენტები, ფოტოსურათები, პლაკატები და სხვა, რომლებიც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე მოღვაწე გამოჩენილ ქართველ ქალთა საქმიანობას ასახავს. გამოფენილ დოკუმენტებს შორის იყო: საზოგადო და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ფოტოები; ბიოგრაფიული ცნობები ისეთ გამორჩეულ პირებზე, როგორებიც იყვნენ ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე, ბაბო ყიფიანი, ნინო ჯავახიშვილი, ნინო ანთაძე-ნაკაშიძე და სხვები; მასალები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში არჩეული ქალების შესახებ (ქრისტინე შარაშიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ანა სოლოღაშვილი, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე); ქალთა ყოფა-ცხოვრების გამაუმჯობესებელი კომისიის მიერ გამოცემული საგანმანათლებლო და სოციალური პლაკატები; ფოტოსურათები ქალთა საერთაშორისო კონგრესებიდან და დელეგაციების ვიზიტებიდან; ასევე „საქართველოს ქალთა საბჭოს“ მიერ მომზადებული მიმართვები და სხვა დოკუმენტები.
📌აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი საარქივო მასალა გამოფენის შემდეგ ბინას ეროვნულ არქივში დაიდებს და ქალთა ორგანიზაციის შესახებ არქივში უკვე არსებულს ფონდს მეტად გაამდიდრებს.
📌„ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიციას საქართველოში“ 2019 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.