14/08/2026
ფინანსთა სამინისტრო, შიდა აუდიტის ფუნქციის ხარისხის დამოუკიდებელი გარე შეფასების პროცესს იწყებს. შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსაზღვრულია შიდა აუდიტის გლობალური სტანდარტის - 8.4 – „ხარისხის გარე შეფასება“ მოთხოვნების შესაბამისად და მათ შორის, ითვალისწინებს CIA®️ პროფესიულ წოდებას, ხარისხის გარე შეფასების შესაბამის კვალიფიკაციასა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.
მიმდინარე ეტაპზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მომსახურების შესყიდვის მიზნით ახორციელებს ბაზრის კვლევას. დაინტერესებულ პირებს შესყიდვის პირობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=68820&lang=ge
აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სამინისტრო თავად ახდენს საკუთარი შიდა აუდიტის ფუნქციის დამოუკიდებელი გარე შეფასების ინიცირებას, რაც საქართველოს საჯარო სექტორში, სამინისტროების დონეზე, შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მუდმივი განვითარების კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ხარისხის გარე შეფასება შესაძლებლობას იძლევა, დამოუკიდებელი, პროფესიული შეფასების საფუძველზე განისაზღვროს, რამდენად შეესაბამება შიდა აუდიტის საქმიანობა შიდა აუდიტის გლობალურ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას, გამოვლინდეს ძლიერი მხარეები და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
შეფასებას განახორციელებს დამოუკიდებელი შემფასებელი ან შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც შეაფასებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ხარისხის თვითშეფასების შედეგებს, მოამზადებს ობიექტური შეფასების ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს გლობალურ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.