24/06/2021
ჩვენ შევაგროვეთ და ეტაპობრივად წარმოგიდგენთ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშებიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას.
აქვე აღნიშნავთ, რომ ინფორმაცია სრულად ეფუძნება ანგარიშებში ასახულ მონაცემებს, შესაბამისად,"ალტერნატივა"არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
"ადამიანის უფლებები და საქართველოს მთავრობის საქმიანობა პანდემიის მართვის პროცესში"
პირველი გახლავთ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) - 2020 წლის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ, სათაურით -
„მთავრობა ორდინალურ და საგანგებო მდგომარეობაში - გაუმჭვირვალობა, მოუმზადებლობა და რეცეპტები“
• დახურული სხდომები
მთავრობა არსებითად დახურულ ფორმატში საქმიანობს. ეს ამცირებს საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხს არა მხოლოდ განსახილველი საკითხების თაობაზე, არამედ განხილვის დროს მსჯელობასა და გამოთქმულ აზრთა სხვადასხვაობასა თუ გადაწყვეტის ალტერნატივებზე.
• დოკუმენტების გამოქვეყნება
მთავრობის ვებგვერდზე სრულად არ ქვეყნდება მთავრობის სხდომათა დღის წესრიგები, განსახილველი პროექტები, სხდომების ოქმები.
• მთავრობის აქტებზე ხელმისაწვდომობა
დადგენილებებისაგან განსხვავებით, საკანონმდებლო მაცნეზე განკარგულებების გამოქვეყნების ვალდებულება არ არსებობს. ისინი იტვირთება მთავრობის ვებგვერდზე, თუმცა არაკოდიფიცირებული ფორმით, საკანონმდებლო მაცნეზე კი დადგენილებების კოდიფიცირებული ვერსიის ნახვა ფასიანია. მნიშვნელოვანია, ნორმატიული აქტების შესახებ კანონსა და იუსტიციის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში ეს წესი შეიცვალოს, რაც ნებისმიერი პირისთვის სამართლებრივი აქტების კონსოლიდირებულ ვერსიებზე თავისუფლად წვდომის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
• საგანგებო კანონმდებლობა
ორდინალურ კანონმდებლობაში არსებობს ისეთი ნორმები, რომლებიც წინასწარ ადგენენ საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლო განსახორციელებელ ქმედებებს. მაგალითად, გაწერილია, რა ღონისძიებები შეუძლია განახორციელოს მთავრობამ, დაშვებულია ცალკეულ ტერიტორიაზე დროებითი მმართველობის შემოღების, აგრეთვე საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობა. ასეთი ზომების თუ მასშტაბების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და შესაბამისად, გაუმართლებელია მათი გაწერა უნივერსალური ნორმის სახით.
•საგანგებო სიტუაციების რეგულირება
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეხება უმეტესად სახანძრო-სამაშველო ოპერაციებს და სახანძრო უსაფრთხოების წესებს, სხვა საგანგებო სიტუაციებს კი ზედაპირულად აწესრიგებს, რაც განსხვავებულ ვითარებებზე მორგებისთვის როგორც რეაგირების ზომების, ისე ინსტიტუციურ-საკადრო თვალსაზრისით, არაეფექტიანია და მალე ამოწურავს თავს ორდინარულ პირობებში.
• საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება
განსხვავებით სამედიცინო ფაქტორებისა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები არასაკმარისად იყო დასაბუთებული. არადამაჯერებელი იყო ის მიზეზები, რატომ არ მიმართა ხელისუფლებამ ორდინარული კანონმდებლობის ცვლილებების გზას, ასევე რატომ არ გამოიყენა კრიზისის სფეროში არსებული ინსტიტუციური მექანიზმები (მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო). მთავრობა ვალდებულია, მეტი არგუმენტაცია წარუდგინოს საზოგადოებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და დახურულ ფორმატში განხილვიდან უმალვე არ გადაწყვიტოს მისი შეთავაზება ქვეყნის პირველი პირისთვის.
• უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის ფორმატი
კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილი დროებითი ორგანო - უწყებათაშორისი საბჭო საქმიანობდა დახურულ ფორმატში, რამაც არსებითად გაართულა გადაწყვეტილებათა მიზეზების, მიზნების, ალტერნატივების, მათი მიღების პროცედურების, ჩართული სუბიექტებისა და აზრთა სხვადასხვაობის გაანალიზება. გაირკვა, რომ ის არც სხდომების ოქმებს აწარმოებდა. მნიშვნელოვანია, ისეთი უწყებების მუშაობაში, რომლებიც ფაქტობრივად სახელმწიფოს მართვის სადავეებს (თუნდაც დროებით) იღებენ, ჩართოს ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტებისა და პარლამენტის წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობა უფრო გამჭვირვალეს და ინკლუზიურს გახდის საგანგებო მდგომარეობის მართვას. ასევე მნიშვნელოვანია, ამ ორგანოებმა სავალდებულო წესით აწარმოონ სხდომების ოქმებიც, სხვაგვარად შეუძლებელია მათი მუშაობის შეფასება და დადასტურება, ვინაიდან ისინი ფორმალურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ.
დასკვნა:
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველო მოუმზადებლად შეხვდა არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, რამაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ადამიანის უფლებებში ინტენსიური და არასასურველი ფორმით ჩარევა გარდაუვალი გახადა. მთავრობამ პანდემიის სამართავად არ გამოიყენა (ან სათანადოდ არ გამოიყენა) ნორმატიულ ან ფაქტობრივ დონეზე უკვე არსებული, სპეციალურად კრიზისების მენეჯმენტისთვის გათვალისწინებული ორგანოები და შექმნა ახლებური დროებითი სისტემა, საკოორდინაცო საბჭო, რისი საჭიროებაც კვლევის არცერთ ეტაპზე არ დადასტურდა.
დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის ამ საქმიანობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის წარდგენა არსებითად აზიანებს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ამგვარად, გარდა იმისა, რომ მთავრობამ მკაცრად უნდა უზრუნველყოს კოლეგიური ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებულ არასაიდუმლო მასალებზე ფართო ხელმისაწვდომობა, სათათბირო ორგანოებმა სავალდებულო წესით უნდა აწარმოონ სხდომების ოქმები. სხვაგვარად შეუძლებელია მათი მუშაობის შეფასება და დადასტურება, ვინაიდან ისინი ფორმალურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მნიშვნელოვანია, ასევე, ისეთი უწყებების მუშაობაში, რომლებიც, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მართვის სადავეებს (თუნდაც, დროებით) იღებენ, ჩაერთონ ადამიანის უფლებების დამცველი ინსტიტუტებისა და პარლამენტის წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობა უფრო გამჭვირვალეს და ინკლუზიურს გახდის საგანგებო მდგომარეობის მართვას. მხოლოდ ასეთი პროცესი ემსახურება მმართველობის კანონიერებას.