19/12/2025
,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში'', რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
ივლისიდან დღემდე ექსპედიციამ, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები გააკეთა.
ინტენსიური საველე კვლევის ფარგლებში, რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა მრავალი არტეფაქტი, მათ შორის - სამხედრო აღჭურვილობის უნიკალური ნიმუშები, რომლებიც IX–X საუკუნეებით თარიღდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რკინის სამი მუზარადი და ჯაჭვის პერანგი.
რუსთავის სასახლის კვლევის დროს ნაპოვნი ეს ისტორიული ნივთები, ამ ეპოქის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია.
საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტების გარდა, სასახლის IV და V ოთახებში, IX-X საუკუნეებით დათარიღებული ულამაზესი მოჭიქული ჭურჭელი იქნა ნანახი.
ექსპედიციას, საკმაოდ ფართო გამოხმაურება ჰქონდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიასივრცეში. რუსთავის აღმოჩენებზე წერდნენ არქეოლოგიაზე სპეციალიზებული ისეთი მედიაპლატფორმები, როგორიცაა Ancient Origins, The History Blog, ArkeoNews, Archaeology Magazine (archaeology.org), უფრო ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი ფორუმები და სადისკუსიო ონლაინ პლატფორმებიც.
რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის პირველი ეტაპი დასრულდა.
რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის კვლევა 2026 წელსაც გაგრძელდება.