26/04/2024
სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი, ეს არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპის უნარ-ჩვევების განვითარებას. ეს უნარ-ჩვევებია: კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, კომუნიკაციური.
თითოეული მათგანი, პირველ რიგში, აუცილებელია მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესში მოსწავლე ივითარებს ინფორმაციის სწორად მოძიებისა და დახარისხების უნარებს, რაც უზრუნველყოფს, მომავალში, მის სწორად განვითარებას, ინფორმაციული თვალსაზრისით. ამ კვლევითი უნარების გამომუშავებისას მიღებული ინფორმაციისა და საკუთარი ცოდნის კოლაბორაციით, მოსწავლეს ავტომატურად უვითარდება შემოქმედებითი უნარები; თანამშრომლობითობა ის აუცილებელი უნარია, რომელიც საჭიროა ნებისმიერი ჯგუფური სამუშაოს შესასრულებლად; ამ უნარის განვითარება, მომავალში, ხელს შეუწყობს მოსწავლის ჰუმანურ პიროვნებად ჩამოყალიბებას; კომუნიკაციური უნარების განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში მოსწავლის სწორად ოპერირებაში.
მოსწავლეებში აღნიშნული უნარების განვითარება-ჩამოყარილების მიზნით სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლისა და სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების _ ხათუნა ბერაძისა და ზაზა შულაიას ორგანიზებით ხორციელდება ეროვნული მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტი _ „მე და ლიტერატურა“. პროექტი 5 სხვადასხვა რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, კახეთი, გურია) 8 სკოლაში მიმდინარეობს. ეს სკოლებია:
• სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა (იმერეთი);
• სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლა (სამეგრელო);
• სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოსა და სოფ. კუჭატნის საჯარო სკოლები (კახეთი);
• სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლა (სამეგრელო);
• სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლა (იმერეთი);
• სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლა (სამეგრელო);
• სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა (სვანეთი);
• სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა (გურია);
პროექტის იდეურ-ტექნიკური მხარდამჭერია მარიამ ჩაჩანიძე _ სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე, გაზეთ „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული საგანმანათლებლო კონკურსების სამგზის გამარჯვებული, მოსწავლეთა ურთიერთსწავლების მასშტაბური პროექტის თანაავტორი. მოსწავლეთა და პედაგოგთა აქტიური მხარდამჭერი.
პროექტის მიზანია:
• მოსწავლეთა ლიტერატურული გემოვნების დახვეწა;
• მოსწავლეებში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ინტერესის გაღრმავება
• არაფორმალური განათლების გამოყენებით მოსწავლეთა ცოდნის დონის გაუმჯობესება;
• მოსწავლეებში სამიზნე ცნებების: ჟანრი, კომპოზიცია, გრამატიკა, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები გააქტიურება;
• გააზრებული კითხვის უნარების განვითარება და თვალსაწიერის გაფართოება;
• მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;
• თანატოლებთან და უფროსებთან დადებითი, კონსტრუქციული ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;
• მოსწავლეებში შემოქმედებითი, კვლევითი და კრიტიკული უნარების აღმოჩენა და განვითარება;
• სკოლებს შორის აქტიური თანამშრომლობა
• მოსწავლეებსა და პედაგოგებში გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;
მოხარულები ვართ რომ აღნიშნულ პროექტში ჩართულია ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გალინა ღვინიაშვილი და VII – XI კლასის მოსწავლეები: მამუკა დარჩიაშვილი, ნინო ფარასტაშვილი, ანი ქიზიყურაშვილი, მარი მელქოშვილი, ნიკა თარზიანი, თაკო დენტოშვილი და ნათია ამბარიანცი.