29/05/2026
01 ივნისს, 14:00სთ-ზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართება ქალაქის თამაში (City Game) ბავშვთა უფლებებზე.
ქალაქ ხობში სპეციალურად თამაშისთვის მოხალისე მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა სპეციალური სადგურები, სადაც 3 მოსწავლისგან დაკომპლექტებული სკოლის გუნდების ამოცანა იქნება ზუსტად გამოიცნონ ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-2 თავით დაცული რომელი უფლება დაირღვა და სწორი პასუხის შემთხვევაში, მიიღონ კოდური სიტყვა. გუნდებმა სადგურები უნდა აღმოაჩინონ სპეციალურად თამაშისთვის შექმნილი რუკის გამოყენებით. გამარჯვებული იქნება სკოლის გუნდი, რომელიც ორი საათის მანძილზე ყველაზე მეტ კოდურ სიტყვას მოიპოვებს და წარადგენს.
იმ შემთხვევაში თუ თანაბარი რაოდენობის კოდური სიტყვა რამდენიმე სკოლამ მოიპოვა, გამარჯვებული გუნდის კაპიტნებს შორის გაიმართება შეჯიბრი გარბენში.
თამაშის მიზანია სკოლის მოსწავლეებმა აიმაღლონ ცნობიერება ბავშვთა უფლებების შესახებ, აღმოაჩინონ ქალაქის ისტორიული და კულტურული ადგილები, განივითარონ ორიენტირების, კვლევისა და გუნდური მუშაობის უნარები, ასევე წახალისდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი.
გელოდებით პირველ ივნისს. ერთად შევქმნათ კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ☀️