03/06/2026
✍️✍️
ტერენტი გრანელი - წმინდა სულის გენიალური პოეტი!
ტერენტი გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია; დ. 3 ივნისი, სხვა ცნობით 25 ნოემბერი, 1898, ახლანდელი ქ. წალენჯიხა — გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი).
დაიბადა ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში.ტერენტი გრანელმა თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917-1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლობიარო ხაზები", 1921; „სულიდან საფლავები", 1922; „მემენტო მორი", 1924; „ტერენტი გრანელი", 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80-იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი". ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში "არამიანცის" სავაადმყოფოში გარდაიცვალა. დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.
სიჩუმის ყვავილები
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.
ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.
ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.