27/03/2026
"ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა საქართველოში საწვავის ფასები გაზარდა. 13 მარტის შემდეგ ფასები სხვადასხვა ტიპის საწვავზე დაახლოებით 10-დან 60 თეთრამდე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ყოველდღიური არსებობისთვის სარგებლობს ავტომობილით. გარდა ამისა, საწვავის ფასის ზრდა აისახება პირველ რიგში სოფლის მეურნეობის პროდუქტზე და ასევე ჩვენს იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში მკვეთრად გაზრდის ინფლაციის რისკებს და დიდი ალბათობით, ფაქტობრივად, 99%-იანი სიზუსტით, ფასი გაიზრდება აბსოლუტურად ყველა ტიპის პირველადი მოხმარების პროდუქტზე.
საერთაშორისო ბაზარზე კრიზისს ბევრი ქვეყანა პასუხობს ან აქციზის შემცირებით, ან საწვავზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებით. მაგალითად, 8 მარტს სამხრეთ კორეამ მიიღო გადაწყვეტილება ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ, ასეთივე დროებითი ზომები მიიღეს უნგრეთის და ხორვატიის მთავრობებმა ევროკავშირში. ამ გადაწყვეტილებით დიზელის და ბენზინის ფასი იქნება ფიქსირებულ ნიშნულზე შენარჩუნებული მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება ნავთობის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე.
"ქართულმა ოცნებამ" როგორც ყველაფერში, აქაც ზომების მიღება დააგვიანა, მაგრამ აუცილებელია ამ ზომების მიღება. ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდის შესაჩერებლად ან შესანელებლად აუცილებელია, რომ მოვითხოვოთ დროებით საწვავის ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან აქციზის ფასის განახევრება აგრეთვე დროებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტისათვის ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 560 მილიონი ლარის შემცირებას გამოიწვევს, რისი დაბალანსებაც ცალსახად შეიძლება განსაკუთრებულად იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცი ამბობს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა არის ექსელენტური და აქვს ძალიან დიდი პლუსი, შესაბამისად, 50-60 მილიონი ლარის თვეში დაბალანსება სავსებით შესაძლებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ მიიღონ საკუთარ თავებზე ის წნეხი, რასაც გლობალურ ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდა გამოიწვევს.
აქვე, შეუძლიათ, რომ შეამცირონ კორუფციული მიდგომები, შეამცირონ "სუსის" ბიუჯეტი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის გარდა სხვა ფუნქციას არ ასრულებს, შეამცირონ ის ბიუროკრატია, რომელიც ჭარბად ემსახურება ამ ხალხს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.
მოკლედ, ბურთი "ქართული ოცნების" ხელშია. საქართველოს მოქალაქეებს უკვე 60 თეთრით გაეზარდათ ერთი ლიტრი საწვავის საფასური და ხელისუფლებას ერთადერთი ფუნქცია აქვს - იმოქმედოს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიცვას აბსოლუტური გაღარიბებისგან, რომელიც შეძლება გამოიწვიოს საწვავის ფასის ზრდამ, შესაბამისად, ფასის ზრდამ აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე." – თაზო დათუნაშვილი