ერედვი • Eredvi

ერედვი • Eredvi Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ერედვი • Eredvi, Landmark & historical place, Eredvi.

07/08/2018

თვითმფრინავი ბომბავდა მცხეთის ჯვრის ტყის იქით. მერე ჩვენკენ წამოვიდა. პირველი ბომბი პოლიციის შენობას მოხვდა, მეორე კულტურის სახლს, მერე საცხოვრებელ სახლებს. კულტურის სახლის წინ გაჩერებულ ავტობუსს დაუშინეს ბომბი. ავტობუსი დიდი ლიახვის ხეობიდან მოდიოდა, გამოქცეული ხალხი მოჰყავდა, კეხველები. ბომბი ნაძვს დაეცა.

შუადღის მერე დაიწყო ტკაცატკუცი. მოადგნენ ჩემი ეზოს კარებს, დანით გაჭრეს ჭიშკარზე თოკი. რომ შემომესმა რუსული ლაპარაკი, დავიმალე სარდაფში. სარდაფს ფანჯარა აქვს და იმ ფანჯრიდან დავინახე 4 სამხედრო. იარაღი ჰქონდათ. კარებს გააღებდნენ თუ არა, ჯერ ისროდნენ და მერე შედიოდნენ შიგ. ალბათ ფიქრობდნენ, სახლში ვინმე ხომ არ არისო. მთლიანად დაწვეს. კვამლი შემოვიდა სარდაფში. გავიქეცი. ვაზებში დამალული ვიჯექი და დავინახე, რომ ჩემ შვილსაც უწვავდნენ სახლს. რომ მოუკიდეს ცეცხლი, მერე სხვის სახლში გადავიდნენ და დაწვეს.

სანამ ვიმალებოდი, საქონელი წამისხეს. სახლში სადღა დავწვებოდი. სახლის უკან ძარი მედგა, იმ ძარში სიმინდი მეყარა და იმ ძარში გავათენე ღამე. ერთი კვირა ჭანჭურს ვჭამდი და ტყემალს. დადიოდნენ ოსები და იპარავდნენ. მერე 200-ლიტრიანიც გამოიტანეს. სკები, თაფლები, ცემენტი წაიღეს სამსონასგან

- მარო ვახტანგაშვილი

07/08/2018

12 აგვისტოს მე და ჩემი მეუღლე ჩემი შვილის, გულივერის სახლში ავედით. გულივერის სახლი აღმართზეა, სოფლის განაპირას. იქიდან როცა გადმოვხედეთ სოფელს, დავინახეთ, რომ მთელი სოფელი იწვოდა. 12 აგვისტოს საღამოს ზევითა მხრიდან წამოვიდნენ სოფელში ტანკები. ტანკები სოფლის განაპირას, სასაფლაოს მხარეს დადგნენ და იქიდან დაუწყეს სროლა სოფელს. 13 აგვისტოს გათენებისას მინდორში ვიყავით. თენგიზმა მითხრა, ჩემი თვალით უნდა ვნახოო, დაიწვა თუ არა ჩვენი სახლიო. როცა დაბრუნდა უკან, მითხრა, გული გაიმაგრე, დაუწვავთ სახლიო. ჩემი სახლი რომ დამწვარი დავინახე, გული შემიღონდა

- ვენერა არბოლიშვილი

07/08/2018

დილით, 8-ში, ბომბავდნენ ცხინვალის შემოგარენს, საცა ჩვენი ჯარი იდგა. პირველად სოფელი ერედვი დაბომბეს ვერცხლისფერმა თვითმფრინავებმა, უფრო 8-ში, საღამოს 6 საათისთვის. პირველი ბომბი დაეცა ეკლესიის გალავანთან, ზედ გზაზე. IX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. ჩემი სახლი ეკლესიასთან ახლოს იდგა და სახლს ჩაემტვრა მინები. ჭურჭელი, ჭაღები, ნივთები წნევისაგან ძირს ეყარა. ეკლესიის გალავნიდან დაახლოებით 30 მეტრში ვიდექი, როცა ბომბი ჩამოვარდა. მეორე ბომბი ალბათ 15 წთ-ის მერე ჩამოვარდა საცხოვრებელ სახლებში. მეორე დღეს, 9 აგვისტოს, საღამოს ისევ დაიწყეს დაბომბვა ვერცხლისფერი თვითმფრინავებით. დღისით ვერტალიოტი, მუქი მწვანე ფერის, გადაიფრენდა ხოლმე და სხვა სოფლებსაც ბომბავდა

- დავით ქრისტესიაშვილი

Address

Eredvi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ერედვი • Eredvi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

#checkineredvi

მთელი დღის განმავლობაში წითლად ანათებდნენ მეზობლად მდგარი ძველი ხის სახლები, ცა კი ამ სინათლის ფონზე შავი კვამლისგან მოქუფრულიყო. შენობები ერთი მეორეს მიყოლებით იშლებოდა ნაწილებად. ყურისწამღებ ზუზუნსა და გაუთავებელ ხმაურში დროდადრო ვიღაცის ყვირილი ან მორიგი სახლის ერთიანი ჩამოშლის ხმა იკვეთებოდა. ჯარისკაცები კარებს წიხლებით ამტვრევდნენ, თუ რამე გამოსადეგს ნახავდნენ, ეზიდებოდნენ და მანქანებში აწყობდნენ, იცინოდნენ და ოფლიან შუბლს მურიანი სახელოთი იწმენდნენ. სულ ბოლოს, სახლებს ბენზინით სავსე ბიდონებით ხელში სტუმრობდნენ. წამებში ხდებოდა ყველაფერი, შავი, მხრჩოლავი კვამლი ავარდებოდა და სახლიც ერთიანად იწყებდა წვას, ისინი კი აუჩქარებლად, მძიმე ნაბიჯებით იღებდნენ გეზს შემდეგი მსხვერპლისკენ. ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მის სახლამდეც მიაღწევდნენ. ყველა შენობას მოივლიდნენ - სოფლის არც ერთ სკოლას, აფთიაქსა თუ მაღაზიას არ გამოტოვებდნენ. ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში, როცა სოფლის უკანასკნელმა ბინადარმაც დატოვა გადამწვარი საცხოვრებელი და როცა ყველა შენობაში ჩაქრა ცეცხლი, სოფელში დროებითი სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ერთი, უცვლელი კადრი იშლებოდა ყოველი მხრიდან - ჩამონგრეული და დანახშირებული სახლები, აქა-იქ მიმოფანტული, სასწაულებრივად გადარჩენილი ნივთები, ტალახიან მიწაში ჩასობილი, მთელ ჰორიზონტზე გადაჭიმული რკინის მავთულხლართები და უადამიანებო, ჯერ კიდევ ბინძური და მომწამლავი ჰაერი