07/03/2025
სიმსუქნის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, სიმსუქნის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით 4 მარტს აღინიშნება და მისი მიზანია სიმსუქნის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ გამოწვევის საპასუხოდ, ინტერსექტორალური ძალისხმევის გაძლიერება. მიმდინარე წლის კამპანია ყურადღებას ამახვილებს სისტემურ ინტერვენციებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე.
არაჯანსაღი და არასრულფასოვანი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის გავრცელების ძირითადი მიზეზებია. სიმსუქნე ერთერთი რისკ-ფაქტორია ისეთი არაგადამდები დაავადებების განვითარების, როგორებიცაა დიაბეტი ტიპი 2, გულსისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის ჰიპერტენზია და ინსულტი, სხვადასხვა ტიპის/ლოკალიზაციის კიბო.
საქართველოში 18-64 წლის ზრდასრული მოსახლეობის 31.7%-ს აღენიშნება სიმსუქნე. სიმსუქნის გავრცელება უფრო მაღალია ქალებში (33.7%), ვიდრე მამაკაცებში (28.5%) (STEPS 2016). 7 წლის ბავშვების 11%-ს აღენიშნება სიმსუქნე, ხოლო ჭარბი წონა აქვს ბიჭების 30.1%-ს და გოგონების 26.3%-ს. (COSI 2022).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ინტერვენციები მიმართული უნდა იყოს ბავშვებისთვის ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ; ფეხით სიარულისა და აქტივობებისთვის რეკრეაციული სივრცეების შექმნისკენ; არსებულ საკითხზე ცნობიერების დონის ამაღლებაზე ადრეული ასაკიდანვე ზრუნვისკენ.