05/06/2026
🔹საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ, Posidonia 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „Future Skills for Greener Ports: Scaling Up Certification and Workforce Capacity in the Blue Economy“ მიიღო მონაწილეობა.
🔹თავის გამოსვლაში ივანე აბაშიძემ აღნიშნა, რომ პორტების მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის წარმატება მხოლოდ ტექნოლოგიებზე, ინფრასტრუქტურასა და რეგულაციებზე არ არის დამოკიდებული. მისი თქმით, თანამედროვე საზღვაო სექტორის მთავარი გამოწვევა ადამიანური კაპიტალის განვითარებაა, რადგან ნებისმიერი ინოვაცია საჭიროებს კვალიფიციურ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ ახალი ტექნოლოგიების მართვას, ტექნიკურ მხარდაჭერას, ზედამხედველობასა და მუდმივ გაუმჯობესებას.
🔹ივანე აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, თანამედროვე პორტებში დასაქმებულ პერსონალს უწევს ადაპტირება ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, კიბერუსაფრთხოება, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და ალტერნატიული ენერგიის სისტემები. სწორედ ამიტომ, პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უნდა იქცეს მუდმივ პროცესად, რომელიც ხელმისაწვდომი და პრაქტიკულ საჭიროებებზე მორგებული იქნება.
🔹გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა საერთაშორისო დონეზე უნარებისა და კვალიფიკაციების აღიარების მნიშვნელობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური საზღვაო ინდუსტრიისა და საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი სერტიფიცირების სისტემა უნდა ემსახურებოდეს რეალური კომპეტენციების განვითარებას და არამხოლოდ დამატებითი ადმინისტრაციული მოთხოვნების შექმნას.
🔹პანელის ფარგლებში ივანე აბაშიძემ საქართველოს გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის, როგორც შავი ზღვის რეგიონისა და შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, პორტების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების გაძლიერებას. მისი განცხადებით, მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს წარმატებას, თუ მას არ ეყოლება შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე პროფესიონალები. სწორედ ამიტომ, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება წარმოადგენს მწვანე და მდგრადი საზღვაო სექტორის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას.
🔹ამავე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ნათია მიმინოშვილმა, რომელმაც ისაუბრა მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობასა და საზღვაო-სანავსადგურე სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გამოწვევებზე. დისკუსიის ფარგლებში ყურადღება იქნა გამახვილებული BLUE PORTS პროექტის შედეგებსა და მის როლზე ნულოვანი ემისიების მქონე პორტებისთვის საჭირო უნარების განვითარებისათვის.