18/10/2020
რატომ უნდა მივიღოთ მონაწილება არჩევნებში?
თანამედროვე დემოკრატიებს "წარმომადგენლობითს" ვუწოდებთ. ხალხის მონაწილეობა ხელისუფლებაში უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმით, რომ ისინი ირჩევენ წარმომადგენლებს - მათ, ვისაც სახელისუფლებო ფუნქციების განხორციელებას ანდობენ. ამიტომაა არჩევნები ასე მნიშვნელოვანი თანამედროვე დემოკრატიისთვის.
ქვეყნის ყოველდღიური მართვა, მისი სტრატეგიული გეზის განსაზღვრა ძირითადი სახელისუფლებო ორგანოების საქმეა, ისინი კი, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არჩევნების გზით იქმნება. ამიტომ, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს სამოქალაქო აქტივობის სხვა ფორმები, არჩევნებში მონაწილეობას მაინც განსაკუთრებული დატვირთვა რჩება.
ადამიანს შეუძლია სხვადასხვა მოტივით გაამართლოს არჩევნებში მონაწილეობის არმიღება: "პოლიტიკა არ მაინტერესებს", "არც ერთი კანდიდატი არ მომწონს", "ერთი ხმა არაფერს წყვეტს" და ასე შემდეგ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებზე არმისვლით ჩვენ თავს ვარიდებთ ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას და გულგრილობას გამოვხატავთ ქვეყნის ბედის მიმართ. პრაქტიკულად ამით პასიურად ვეთანხმებით იმ ადამიანთა გადაწყვეტილებას, ვინც მიდის და ხმას აძლევს.
რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობა სულაც არ არის იმის გარანტია, რომ კარგი მთავრობა გვეყოლება: შეიძლება, ჩვენი კანდიდატი დამარცხდეს, ან გაიმარჯვოს, ოღონდ შემდეგ აღარ გაგვიმართლოს იმედები. მაგრამ თუ არც კი იღებ არჩევნებში მონაწილეობას, კარგავ იმის მორალურ უფლებას, ხელისუფლების მიმართ პრეტენზია გამოთქვა: შეგეძლო, მოგეხდინა გავლენა მასზე, მაგრამ არ გამოიყენე ეს შესაძლებლობა.