10/05/2026
ზეინაბ მეტრეველი
• „მე რომ მიყვარდი...“
• „იაფეტი“
• „გუშინ, მთელი დღე ვმზითავდი მერცხალს
* * *
მე რომ მიყვარდი...
სიყვარული სად იყო მაშინ...
ადამიანებს ჯერ არც ჰქონდათ ლოცვის უნარი,
ნისლის დროშები ფრიალებდნენ მირკანის ქარში,
მთვარის ხელებში ითლებოდა მზის საბუდარი...
მე რომ მიყვარდი...
ფრთებს სად ჰქონდა ატანის ძალა,
ალუბლის ზემოთ ვინ შესძლებდა დაკარგვას სივრცის,
ან სიო როგორ შეგკადრებდა ჩაკოცვნას ძალად,
ან სიკვდილს როგორ შეიგრძნობდი ჩურჩულში მიწის...
მე რომ მიყვარდი...
ჯერ ნილოსიც საშოში იჯდა,
აღმოუჩენელ სიზმრებიდან ცხადში გადაღვრით,
არ არსებობდა ზეცისა და ხმელეთის მიჯნა
და არც ლერწამი ლერწამისკენ ოდნავ გადახრით...
მე რომ მიყვარდი...
ქართლის მინდვრებს არც ეცვათ ჩითი,
ნოსტეს ყანაში რა უნდოდათ იმედის გნოლებს,
არ მოეხაზა ჯერ შუმერებს ანბანი თითით,
ალერსაც კი არ აკადრებდნენ ჯერ ქმრები ცოლებს...
მე რომ მიყვარდი...
სიყვარული ჯერ არ სცოდავდა,
თეთრად შემკრთალი ალუჩები აპრილს მოსავდნენ,
ეს მერე მოხდა, სიყვარული უცებ მოხვავდა
და ყველაფერი გაფერმკრთალდა შენს აქ მოსვლამდე...
მე რომ მიყვარდი...
ღმერთო ჩემო, მე რომ მიყვარდი...
მაშინ ვის ჰქონდა საგულესთან თეთრი ნაისრი,
ან იქნებ სულაც არც შენ იყავ, არც მე ვიყავი,
და სიყვარული არსებობდა მხოლოდ თავისთვის...
იაფეტი
როს, წყალდიდობის ჩაცხრა სიაფთრე
და გამოიქცა შუქი ბინდიდან,
წამოიმართა ფეხზე იაფეტ ,
შეხედა ნოეს და თქვა,,მივდივარ!,,
სახეზე აჩნდა ფერი სიმშვიდის
და ჰგავდა დროსთან მებრძოლ მოჰიკანს,
თქვა: ‘დაუთესავს უფალს ღვთისჯიში
და ახლა დროზე უნდა მოვიმკა’.
სხეული უფლის გამონაცვალი,
გალიცლიცოდა სულეთის არსით
და ხელისგულზე სამი მარცვალი
უთრთოდა, როგორც სიცოცხლის ხაზი.
ის რომ მოვიდა,მე ვზელდი თიხას,
ზურგზე ხორბლისფერ ნაწნავის სახრით,
წამომაყენა და ჩუმად მითხრა:
,,შენა ხარ ჩემი ფუძე და სახლი”,
და რადგან გვქონდა ჭერი და ბანი,
თავი ისე ვერ ავაწევინეთ,
თიხის ფილებზე ნაწერ ანბანით,
ღმერთსაც ყოველდღე ვწერდით წერილებს.
მერე წავიდნენ გზები თავისით,
ვხნავდით, ვთესავდით, ვრწყავდით,ვიმკიდით,
ისე გავლაღდით, გვერდით დავისვით,
მწდედ და თამადად თავად სიკვდილი.
მერე ავივსეთ ფოთოლ-ღეროთი,
საგულუბრყვილოდ და საალალედ,
მზის ნადიმებზე ,,ლილეს,,ვმღეროდით,
მთვარის ნადიმზე -,,ჰარიჰარალეს”,
დრო არ გვქონია ზურგით სათრევი,
ძვლები გავთალეთ ხმლად და სახნისად,
პირველად ღვინით როცა დავთვერით,
მერე სულ ომმა გამოგვაფხიზლა.
თავად ვიყავით გზათა გამგნები,
არ გვიძებნია სხვათა წყალობა,
ხელზე გვეკიდა ვაზის ჯაგნები,
ფეხზე გვეკიდა წარმავალობა.
გულიც გვქონდა და ხმალიც გვიჭრიდა,
არ ვპატიობდით დროს წელში მოხრას,
ვიდრე არ იქცა ნოეს ბიჭიდან
მამად ტაოხთა, ქართა და კოლხთა.
და ახლა, როცა შევრჩი ყიამეთს
და ღვარცოფს მიაქვს, თუ რამ ვიშრომე,
ქართველ ბიჭებში ვეძებ იაფეტს,
ქართველ გოგოში - დედაღვთიშობელს.
***
გუშინ, მთელი დღე ვმზითავდი მერცხალს
და სულის მოთქმა არვინ მაცალა,
მზერა მოვავლე და..უცებ შემრცხვა,
გასატანები მქონდა არცარა..
არ უკადრია კვნესა-ჩივილი,
თავად ხედავდა თვალთა ფსკერიდან,
დედის მუცელში მკვდარი ჩვილივით,
თოკზე ოცი წლის კაბა მეკიდა..
რას გავატანდი, ვკბეჩდი უნდილ დროს
და ვერ გავცვეთდი ჩითებს ხავერდად,
მანაც იცოდა ყველა უმზითვო
სადედოფლოც კი მხევლად დაბერდა.
მითხრა: ,,გიტოვებ მზიან ამინდებს
და სულზე სევდას ნუღა მიფინავ,
როგორც არ უნდა მაღლა გავფრინდე,
ღმერთზე ზევით ხომ ცაც არ მიფრინავს”.
ბედზე აუგი მაინც არ ითქმის,
თუ შეგიძლია მერცხალს გაენდო,
თუ მარაოდან მზირალ ქალისთვის,
შვიდი იანვრის თოვლიც ხავერდობს..
,,დღე აღარ იყო ხელშემავლები,
ცრემლს არ მოესწრო თვალში ფეხმორთხმა,
კვლავ მზეს მისდევდნენ ჩრდილის მამლები,
ცის ტუჩები რომ ამოეკორტნათ..
და დამარხავდა მწუხრი, ვიდრე მზეს,
შემოუფრინა ეზოს სიმარდით
და ოთხივკუთხივ სახლის კედლებზე,
ამომიკაწრა ჯვრები ნისკარტით..
გაფრინდა..გულთან სევდა შემკვრივდა
და გამახსენდა მრუდეგზებიანს,
რომ კარებღია გალიებიდან
გაფრენილები არ ბრუნდებიან..
მერე ჩემს გულზე ძლივსღა მორგებულ,
დავწექ იმედის ღამისპერანგა
და ჩემს ცოდვებთან ომებმოგებულს,
გულზე ხელების ხმლები მელაგა.