14/04/2026
ჯუმბერ ინასარიძე - ახალციხის საკრებულოს წევრი "ძლიერი საქართველო - ლელოდან"
ძალიან კარგი მაგალითია უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ჩვენთვის, საქართველოსთვის იმის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა ხდებოდეს არჩევნების გზით. იმედია, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის და თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ ყველა დონის არჩევნებს. არავისთვის ნიშნის მოგება არ მინდა, მაგრამ ოპოზიციას მართლა ჰქონდა შანსი თბილისი და დიდი ქალაქები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ერთიანი კანდიდატების დაყენების შემთხვევაში, მოეგო. კოორდინირებული მოქმედებით ეს სავსებით რეალისტური იყო.
კიდევ მნიშვნელოვან გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი: რაც მთავარია, უნგრეთი ორბანის გარეშე სასიკეთო მოცემულობაა ევროკავშირისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს უფრო ერთიანი გახდეს გადაწყვეტილებების მიღებაში, იქცეს უფრო კონსოლიდირებულად, გაძლიერდეს, რაც თავისთავად წაადგება ევროპულ პოლიტიკას.
ის არგუმენტი, რომ საქართველოში სიტუაცია უფრო მძიმეა და არჩევნებით ხელისუფლება ვერ შეიცვლება, ჩემთვის არაა დამაჯერებელი. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც საბოლოო განჩენს ხალხი არ გამოუტანს. დღეს, მართლაც, ყველაზე საჭირო მოწოდება საქართველოსთვის არის "დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად!"