19/05/2026
ანდრია ბალანჩივაძე-120
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის, სიმფონიური და საფორტეპიანი ჟანრის მუსიკის ფუძემდებელი ანდრია ბალანჩივაძე დაიბადა სანკტ-პეტერბურგში 1906 წლის 19 მაისს. მან მუსიკის შესწავლა დაიწყო ამავე ქალაქში, 1918 წლიდან კი განაგრძო ქუთაისში, მამამისის მელიტონ ბალანჩივაძის მიერ დაარსებულ სამუსიკო სასწავლებელში. ანდრია ბალანჩივაძემ 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იგი სტუდენტობის პერიოდშივე გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. 1925–27 წლებში მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა ახალგაზრდობის თეატრში, შემდეგ კოტე მარჯანიშვილის დაარსებულ (ახლანდელი მარჯანიშვილის სახელობის) თეატრში, მუსიკალურ მუშფაკში. 1937-იდან კი უკვე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი იყო და ხელმძღვანელობდა საკომპოზიციო კლასს. მისი მოწაფეები იყვნენ რ. ლაღიძე, ა. ჩიმაკაძე, ა. შავერზაშვილი, შ. მილორავა, ბ. კვერნაძე, ო. თევდორაძე და სხვა. 1941–49 წლებში ანდრია ბალანჩივაძე იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი, თავმჯდომარე და საპატიო თავმჯდომარე. ანდრია ბალანჩივაძე ასევე იყო სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი. მისი დამსახურებაა ქართული მუსიკის არაერთი ჟანრის ფორმირება. იგი ავტორია პირველი ქართული ბალეტისა „მზეჭაბუკი“ („მთების გული“), რომლის პრემიერა გაიმართა 1936 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. შემდეგ კი წარმატებით დაიდგა ლენინგრადის, კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, სარატოვის, აშხაბადის, ქუთაისის თეატრებში. ბალეტი აღიარებულ იქნა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ხელოვნების ნოვატორულ, საეტაპო ნაწარმოებად, რომლის საფუძველი ეროვნული ხალხური ცეკვისა და კლასიკური ქორეოგრაფიის სინთეზი იყო. ანდრია ბალანჩივაძეს ეკუთვნის კიდევ ორი ბალეტი: „ცხოვრების ფურცლები“ და „მწირი“. აგრეთვე ლირიკული ოპერები „მზია“და „ოქროს ქორწილი“, სიმფონიები, საფორტეპიანო კონცერტები. მის მუსიკაში ოსტატურად არის შერწყმული ერთმანეთთან ეროვნულ-ხალხური საწყისები და თანამედროვე სიმფონიური მუსიკის ფორმები.
მას მიღებული ქონდა მრავალი ჯილდო და ორდენი. გარდაიცვალა 1992 წელს, 85 წლის ასაკში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.