23/09/2025
რუსი ლინგვისტი, კავკასიოლოგი, ქართველური ენების შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერებისა და ტიპოლოგიის სპეციალისტი გიორგი ანდრეს ძე კლიმოვი დაიბადა 1928 წლის 23 სექტემბერს ქ. ლენინგრდაში. 1946 წელს ჩააბარა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის განყოფილებაზე, რომელიც 1952 წელს დაამთავრა. 1952 წლიდან იგი იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, სპეციალობით ქართველური ენები. 1953 წლის იანვარში კლიმოვი ორი წლით გაგზავნეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ატრიბუტული კომპლექსის ძირითადი სინტაქსური საკითხები ქართველურ ენებში“. 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - „ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი“. 1971 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ჟურნალ „Вопросы языкознания“-ს პასუხისმგებელი მდივანი. 1975 წლიდან - კავკასიური ენების სექტორის (განყოფილების) ხელმძღვანელი.
კლიმოვმა 1960-იან და შემდგომ წლებში (თ. გამყრელიძის, გ. მაჭავარიანის და სხვათა შრომებთან ერთად) შექმნა ახალი პარადიგმა ქართველოლოგიაში - ატრიბუტიული კომპლექსის საკითხები, დეკლარაციის სისტემის რეკონსტრუქცია, ეტიმოლოგიური ლექსიკონი, ძველი ქართველურ-ინდოევროპული კონტაქტების პრობლემა, ქართველური ენების ტიპოლოგიური მახასიათებლები და ა.შ.
გიორგი კლიმოვი რიგ კავკასიურ ენებთან ერთად განსაკუთრებული ინტერესით იკვლევდა ქართველურ ენებს და პარალელურად ზოგადი ენეთმეცნიერების საკითხებს. მისი პუბლიკაციები ყოველთვის ორიგინალური კონცეფციების დასაბუთებასა და სიახლეებს ეძღვნება. იგი იყო ერთდაერთი რუსი ენათმეცნიერი, რომელიც საფუძვლიანად ფლობდა ქართველურ და მთელ რიგ კავკასიურ ენებს.
გიორგი კლიმოვი გარდაიცვალა 1997 წლის 29 აპრილს, მოსკოვში. დაკრძალულია პრეობრაჟენსკის სასაფლაოზე.