02/03/2026
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მოწამეობრივ აღსასრულთან დაკავშირებით.
სახელითა უზენაესისა
ირანელი ხალხის დიდი სულიერი ლიდერი, აიათოლა ხამენეი, ამერიკისა და სიონისტური რეჟიმის სასტიკი თავდასხმის შედეგად, რამადანის წმინდა თვის მეათე რიცხვში, საკუთარ სახლში მოწამეობრივად აღესრულა და ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დიდ ირანელ ხალხს, ისლამურ თემსა და მთელი მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ადამიანს ამ გამორჩეული სწავლულისა და დიდი ლიდერის მოწამეობრივ აღსასრულს.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერისა და ქვეყნის სხვა მაღალი თანამდებობის პირების მკვლელობის ტერორისტული აქტი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის სახით იქნა განხორციელებული, წარმოადგენს კაცობრიობის მიერ მიღებული ყველა ნორმატიული და მორალური პრინციპისა და საფუძვლის უპრეცედენტო დარღვევას. ეს ქმედება წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური წესების ყველაზე უხეშ დარღვევას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, ყურადღება მიაქციონ იმ მძიმე რეალობას, რომ ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო აგრესია, ქვეყნის ლიდერების მკვლელობა და უდანაშაულო მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ძალიან საშიში და უპრეცედენტო ფაქტია. ეს ნიშნავს გლობალურ დონეზე შებრუნებას ძალადობისა და შიშველი და აულაგმავი ძალისკენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს საერთაშორისო ინსტიტუტების, განსაკუთრებით გაეროს, მისი უშიშროების საბჭოსა და თავად გენერალური მდივნის, ასევე გაეროს ცალკეული წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობას, დაიცვან პრინციპები და წესები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანური გამოცდილების პროდუქტია ძალაუფლების კონტროლისა და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში ძალის დომინირების თავიდან ასაცილებლად.
ეჭვგარეშეა, რომ გულგრილობა და უმოქმედობა შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის ჩაგვრისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართ გამოიწვევს მჩაგვრელებისა და დამნაშავეების აღზევებას, და მისი შედეგები თაობების განმავლობაში მთელ მსოფლიოზე იმოქმედებს. აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ დიპლომატიური პროცესის ფონზე განახლებული სამხედრო აგრესია, რომელიც გასული წლის ივნისში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამეორებაა, წარმოადგენს იმ ჰეგემონიური და კრიმინალური ოპერაციების გაგრძელებას, რომელიც ამ ორმა ბოროტმა აქტორმა დასავლეთ აზიაში წამოიწყო, განსაკუთრებით ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, პალესტინელების გენოციდითა და რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებზე თავდასხმების გზით.
სამწუხაროა, რომ ამ ბოროტი გეგმის მესვეურები და შემსრულებლები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და სიონისტური რეჟიმის პრემიერ-მინისტრი, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულ და ბოროტ ლიდერთა შორის არიან, ხოლო მათი ზნეობრივი დაცემისა და საზარელი დანაშაულების, მათ შორის გენოციდის მოწყობისა და ომის დანაშაულების ისტორია ყველასთვის ნათელია.
ეჭვგარეშეა, რომ ირანის ძვირფასი და კეთილშობილი ლიდერის მიერ სამართლიანობის, თავისუფლების, ღირსების, ირანის სიყვარულისა და ზნეობისთვის ზეაღმართული დროშა დაბლა არ დაეშვება. ამ დიდი ირანელი ლიდერისა და გამორჩეული პიროვნების ლაჩრული მკვლელობა მას ირანისა და შიიტების ისტორიაში უკვდავ ლეგენდად აქცევს, სამუდამოდ უზრუნველყოფს ირანისა და ისლამის სტაბილურობასა და დინამიზმს, შთააგონებს ირანელებსა და მუსლიმებს სამართლიანობის, თავისუფლებისა და ღირსებისკენ სწრაფვას.
თავისუფალი ირანელი ერი, ღვთისადმი სასოებითა და თავის ძვირფას ცივილიზაციურ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, უფრო დიდი სიმტკიცით გააგრძელებს დამოუკიდებლობის, ღირსებისა და წინააღმდეგობის გზას. ამ ერის არაკეთილმოსურნეებმა კარგად იციან, რომ მოწამეობრივი სიკვდილი არა გზის დასასრული, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობისა და წინააღმდეგობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.