02/03/2026
მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო,
შეგახსენებთ, რომ ანგლო-ამერიკულ დარბაზში სამკითხველო კოლექცია სრულიად განახლდა. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც დარგობრივ ლიტერატურას და მდგრადი განვითარების ბიბლიოთეკის სრულ კოლექციას, ისევე კლასიკურ და თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურასა და ისტორიულ თემაზე პულცერის პრემიის სრულ კოლექციას. დღეს სწორედ პულიცერის პრემიის პირველ და დიდმასშტაბიან წიგნს გაგაცნობთ:
Gotham: A History of New York City to 1898 by Edwin G. Burrows და Mike Wallace. წიგნი ნიუ-იორკის ისტორიას აღწერს უძველესი დროიდან 1898 წლამდე, როცა შეიქმნა დიდი ნიუ-იორკი. ეს არ არის ძირითადად ქრონოლოგიური ამბები, წიგნი აერთიანებს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებს და ქმნის ქალაქის, როგორც ადამიანის მხატვრულ პორტრეტს, რომელიც მსოფლიო მეგაპოლისად გადაიქცა.
ნაშრომი იწყება დედაქალაქის ბუნების აღწერით და პირველი დასახლებით. ავტორები აღწერენ ბუნებრივ გარემოს, მდინარეებს, ტყეებს, ნავსადგურის გეოგრაფიულ უპირატესობებს და ხალხის ცხოვრებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მათ ეკონომიკურ და სულიერ ცხოვრებას, მიწასთან ურთიერთობასა და იმ ბალანსს, რომელიც მათ ბუნებასთან აკავშირებდათ და იგრძნობა.
შემდეგ თხრობა გადადის ევროპელების გამოჩენაზე და ჰოლანდიური კოლონიის, ნიუ-ამსტერდამის დაარსებაზე. აღწერილია სავაჭრო ინტერესები, ჰადსონის მდინარის სტრატეგიული მნიშვნელობა და მრავალეთნიკური გარემო, რომელმაც ქალაქის ადრეული სახე ჩამოაყალიბა. ნაჩვენებია, როგორ გადაიქცა მცირე სავაჭრო პუნქტი სწრაფად მზარდ საერთაშორისო ცენტრად. ჰოლანდიური მმართველობის პერიოდი გამოირჩევა რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებით, თუმცა ასევე დაპირისპირებებითა და ძალაუფლებისთვის ბრძოლით.
ქალაქში ინგლისელების დასახლების შემდეგ, დიდი ნიუ-ამსტერდამი ნიუ-იორკად იქცა. ავტორები დეტალურად აღწერენ, როგორ შეიცვალა მმართველობის სისტემა, როგორ გაძლიერდა ბრიტანეთის გავლენა და როგორ ჩაება ქალაქი საერთაშორისო დიდ ვაჭრობაში. ნელნელა, ახალი ნიუ-იორკი გადაიქცა ეკონომიკურ ცენტრად, სადაც ვაჭრები, ხელოსნები და ემიგრანტები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ახალ კულტურულ ცხოვრებას იწყებდნენ.
ამერიკის რევოლუციის პერიოდი წიგნში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ნიუ-იორკი იყო როგორც ბრძოლის ველი, ისე პოლიტიკური დაპირისპირების არენა. მოსახლეობაში ღრმა დაყოფა იგრძნობოდა, მაგრამ ამერიკის რევოლუციის შემდეგ ქალაქი სწრაფად აღდგა და ახალი რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა.
მე-19 საუკუნეში, ნიუ-იორკის ზრდა განსაკუთრებულ ტემპს იღებს. ემიგრაციის ტალღები, განსაკუთრებით ირლანდიიდან და გერმანიიდან, ქალაქის დემოგრაფიულ სურათს ცვლიდა. ავტორები აღწერენ ინდუსტრიალიზაციას, პორტის გაფართოებას, ფინანსური სექტორის გაძლიერებას და უოლ სტრიტის აღმავლობას. ამავე დროს ისინი მოგვითხრობდნენ სიღარიბეს, საცხოვრებელი პირობების სიმძიმეს, ეპიდემიებსა და სოციალურ უთანასწორობას, რაც სწრაფი ურბანიზაციის თანმდევი იყო და მოთხრობილია, როგორ დაძლიეს ეს.
ავტორები დიდ ყურადღებას უთმობენ პოლიტიკურ კორუფციასა და რეფორმებს. აღწერილია ტამანი ჰოლის გავლენა და ისეთი ფიგურები, როგორიც იყო უილიამ ტვიდი, რომლის მმართველობაც კორუფციის სიმბოლოდ იქცა და თაობებს დღემდე ახსოვთ. მათ პარალელურად გამოჩდნენ ახალი რეფორმატორები და ჟურნალისტები, რომლებიც საზოგადოებრივ სიფხიზლეს ხელს უწყობდნენ. სოციალურ მდგომარეობას აუმჯობესებდა ისეთი პიროვნებების საქმიანობა, როგორებიც იყვნენ იაკობ რიისი და თეოდორ რუზველტი, მათი პოლიტიკა.
სამოქალაქო ომის პერიოდი ნიუ-იორკში მწვავე დაპირისპირებებით აღინიშნა, მათ შორის სამხედრო გაწვევის წინააღმდეგ აჯანყებებით, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად დაძაბული და მრავალშრიანი იყო ქალაქის სოციალური სტრუქტურა. მიუხედავად კრიზისებისა, ეკონომიკური დინამიკა და გეოგრაფიული მდებარეობა ქალაქს საშუალებას აძლევდა, კვლავაც განეგრძო ზრდა.
ნაშრომის კულმინაცია არის 1898 წლის კონსოლიდაცია, როდესაც მანჰეტენს შეუერთდა ბრუკლინი, ქვინსი, ბრონქსი და სტეიტენ აილენდი და შეიქმნა თანამედროვე დიდი ნიუ-იორკი. ავტორები აჩვენებენ, რომ ეს გაერთიანება მხოლოდ ადმინისტრაციული ცვლილება არ ყოფილა, მან საფუძველი ჩაუყარა ქალაქის მომავალ გლობალურ როლს, როგორც ფინანსურ, კულტურულ და დემოგრაფიულ ცენტრს.
წიგნი Gotham არა მხოლოდ ისტორიულ ქრონიკას, არამედ ქალაქის ცოცხალ ბიოგრაფიას წარმოადგენს: ეს ამბავია იმ ადამიანების, იდეების, კონფლიქტების, შერიგებისა და ოცნებების შესახებ, რომლებმაც ნიუ-იორკი ჩამოაყალიბეს. წიგნი აჩვენებს, რომ ქალაქის სიძლიერე ყოველთვის მის მრავალფეროვნებასა და მუდმივ გარდაქმნაში მდგომარეობდა და ყოველთვის ასე იქნება