01/11/2024
📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია საქართველოს პარლამენტში ევროპის პარლამენტის დეპუტატს ონდრეი დოსტალს შეხვდა.
🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილა „ევროპელი სოციალისტების“ როგორც საპარლამენტო პარტიის 4 წლიანი საქმიანობა, რომელიც ფრიდონ ინჯიას განცხადებით, აგებული იყო კონსტრუქციულ ოპონირებაზე მმართველ პარტიასთან.
🔷„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური პარტია წარმოადგენს ოპოზიციურ ძალას, რომელიც 4 წლის განმავლობაში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველ პარტიას უწევდა ჯანსაღ და კონსტრუქციულ ოპონირებას.
🔷„ქართული ოცნების“ გუნდმა ჩვენს მიერ წარმოდგენილი ბევრი ინიციატივა თუ წინადადება გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, იყო საკითხები, რაზეც გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენი ოთხწლიანი თანამშრომლობა იყო ნაყოფიერი და კონსტრუქციული.
🔷ჩვენმა პარტიამ 2021 წელს მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში, სადაც როგორც ახალგზარდა პარტიამ, საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და დღეს „ევროპელ სოციალისტებს“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების რამდენიმე საკრებულოში ჰყავს საკუთარი დეპუტაცია.
🔷რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებს, ჩვენს პარტიას ამ არჩვენებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მხარი დავუჭირეთ მმართველ პარტიას, რომელიც დარწმუნებული ვარ, დღეს აკეთებს სწორედ იმ საქმეს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში“. - აღნიშნა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.
🔷ევროპარლამენტარ ონდრეი დოსტალის განცხადებით, ევროპარლამენტში მის საქმიანობაში უმთავრესი დანიშნულებაა, გააჟღეროს სამართლიანი, ობიექტური და რეალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაშიც მისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის უცვლელი.
🔷ევროპარლამენტარის შეფასებით, ევროპის ქვეყნებმა და ევროპულმა ინსტიტუტებმა პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ არჩევანს.
🔷როგორც ონდრეი დოსტალმა შეხვდრაზე აღნიშნა, იგი სრულად იზიარებს და ეთანხმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციას, რომელმაც საქართველოში ოფიცალური ვიზიტისას ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიული და თავისუფალი უწოდა.
🔷ევროპის პარლამენტის დეპუტატმა ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მცდარია შეხედულება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შეფერხდება.
ონდრეი დოსტალის განცხადებით, იგი მზად არის თავის კოლეგა დეპუტატებთან ერთად, იმუშაოს საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე მთელი რიგი სექტორების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის მიზნით.
🔷გარდა ამისა, იგი მზად არის მის კოლეგა დეპუტატებთან ერთად ეწვიოს საქართველოს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
🔷შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჯანდაცვის სფეროში აუცილებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებისა და ფარმაცევტული საწარმოების სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცევას გულისხმობს.
🔷„ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტულ დარგს უნდა წარმოადგენდეს, უნდა იყოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. საავადმყოფოების უმრავლესობა სახელმწიფოს საკუთრებში უნდა გადავიდეს.
🔷ქვეყანაში, უნდა შეიქმნას ფარმაცევტული წარმოება, რომელიც ოლიგოპოლიის მარეგულირებელი მექანიზმი იქნება და მოსახლეობა შეძლებს პირველადი მოხმარების მედიკამენტების მათთვის ხელმისაწვდომ ფასში შეძენას“. - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔷თავის მხრივ, ონდრეი დოსტალმა აღნიშნა, რომ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, მის მშობლიურ ჩეხეთში, ბოლო ორი წელიწადია, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის ახალი მოდელის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფოს როლის გაძლიერებას გულისხმობს, რაშიც ევროკავშირის რესურსიც არის გამოყენებული.