15/08/2014
გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ის შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან მდებარეობს. მისი სახელწოდებაც მასში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე (ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეები). არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XIIსაუკუნის დასაწყისი). დავითმა ქართლისათვის გააძლიერა გორის მნიშვნელობა და მან უფლისციხის ადგილი დაიკავა. მოსახლეობის გაზრდის მიზნით დავითმა აქ ვაჭარ-ხელოსნური მოსახლეობა ჩაასახლა. გორი სამეფო ქალაქი გახდა, მას განაგებდა მეფის მოხელე - ქალაქის მოურავი. გორს საკუთარი ციხის გარდა, ზღუდეც გააჩნდა, რომელშიც დატანებული იყო ალაყაფის კარი, ზღუდეს თავის მხრივ თხრილი ჰქონდა შემოვლებული (სიღმე - 4 მეტრი, სიგანე – 5 მეტრი). XIII საუკუნიდან გორი და მისი ციხე ხდება საცილობელი პუნქტი დამპყრობლებსა და ქართველ მეფეებს შორის, ვინაიდან ქალაქი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარეობდა (აბრეშუმის გზა), მისი დაუფლება კი ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. XVII საუკუნის მეორე ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. გიორგი VI-ს მეფობის დროს იგი საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო. 1723-34 წლებში ქალაქი ოსმალების ხელში იყო. მათ დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წლიდან კი გორს სპარსელები დაეპატრონნენ, ნადირ-შაჰის ბრძანებით გორის ციხე თითქმის დაანგრიეს. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, გორი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა. იგი მეორე ქალაქი გახდა თბილისის შემდეგ. მშვიდობიანმა ყოფამ თანდათან გამოაცოცხლა გორის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფეოდალურ ხანაში იგი შეფენილი იყო გორის ციხის ფერდობებზე. გორის ინტენსიური ზრდა იწყება XIX საუკუნის ბოლოდან. დღევანდელი გორი კი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო და მიმზიდველი ქალაქია თავისი წარსულითა და აწმყოთი – ისტორიული ნაგებობებით, ეკლესია-მონასტრებით, ძველი თუ ახალი დასახლებებით, მუზეუმებით, ცნობილი მწერლებითა თუ საზოგადო მოღვაწეებით.